მოგზაურობების მაჩვენებელი რომ გაზრდილია, ეს ძალიან კარგია, - აცხადებს „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და შპს "კლარკ რობინსის" აღმასრულებელი დირექტორის მამუკა კელაურაძე.
მისი თქმით, იმ სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი რაც „საქსტატის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს რეზიდენტების, ანუ იმ ადამიანების ვისაც საქართველოში ცხოვრების უფლება აქვს, და მათ შორის საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა იზრდება. შესაბამისად არაა გასაკვირი, რომ უცხოეთში გასვლების რაოდენობა გაიზარდა.
„უპირველეს ყოვლისა გასვლების დიდი რაოდენობა ფიქსირდება თურქეთის რესპუბლიკაში, რაც არ არის გასაკვირი. თურქეთის მიმართულებით ძალიან ბევრი პირდაპირი რეისი გაქვს: ანკარა, სტამბული, ანტალია, იზმირი.
ეს კი საშუალებას გვაძლევს, რომ ხალხმა მაქსიმალურად მოახერხოს ამ ქვეყნის მონახულება. ამასთან, თურქეთთან გაქვს სახმელეთო საზღვრები, რითაც საქართველოს ბევრი რეზიდენტი და მოქალაქე სარგებლობს. რაც შეეხება რუსეთს, უვიზო რეჟიმის შემოღებამაც თავისი შედეგი გამოიღო.
არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც იგივე ლარსის მეშვეობით საავტომობილო ტრანსპორტით ბევრი გადავიდეს. ვიღაცა შეიძლება ნათესავების სანახავად წავიდა. ტურიზმის წილი ამ მიმართულებაში ნაკლებია, რადგანაც რუსეთი ტურისტულად თავის დროზეც არ იყო აქტუალური. შესაბამისად ეჭვი მეპარება, რომ რუსეთში ტურისტულად ვინმე მიდიოდეს, სადღაც შესაძლოა, 1%-ი წავიდეს ტურისტულად. შესაძლოა, ვინმეს აინტერესებდა მოსკოვის ნახვა ან სანქტ-პეტერბურგის ნახვა და წავიდა. თუმცა მაინც გამოვრიცხავ ამას, რადგანაც რუსეთის მიმართულებით ავიაბილეთები საკმაოდ ძვირია. თუ ვინმე ტურისტულად წავიდა ალბათ უფრო სახმელეთო გზით.
არ დაგვავიწყდეს, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე წელია საქართველოში არიან, მათ რეზიდენტობაც ჰქონდეთ და ვიღაცა უკან დაბრუნდა“, - ამბობს მამუკა კელაურაძე.
„გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მეორე კვარტალში თურქეთის მიმართულებაზე აქტუალური მაისის ბოლოდან და ივნისში აქტიური საზღვაო დასვენების კუთხით ანტალიის მიმართულებაა, ხოლო დანარჩენი არის უფრო კულტურული ან საქმიანი ტურები.
რაც შეეხება ევროპას ქართველებისათვის აქტიური მაინც დასავლეთ ევროპაა, სადაც კულტურული ტურიზმის მიმართულებით მიდიან.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 35.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 543.6 ათასი შეადგინა, რაც 33.9 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 331.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 50.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 49.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.4 პროცენტს შეადგენდა.
2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.3 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 236.7 ათასი და 79.9 ათასი ვიზიტი.
2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.0 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.7 ღამე) 5.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 97.2 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 514.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 12.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 15.9 პროცენტით შემცირდა და 946.0 ლარი შეადგინა.
უახლესი