Brothers Khutsishvili Wine Cellar / ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი წლევანდელი რთველის სეზონისთვის განსაკუთრებით მოემზადა.
ღვინის ბრენდი გლობალურ ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ამინდიდან გამომდინარე, წლევანდელი სეზონი საკმაოდ რთულია, კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ხუციშვილი ამბობს, რომ გამოწვევას საკმაოდ კარგად გაართვეს თავი და რთველის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ.
„უამინდობამ გარკვეული პრობლემა შექმნა და რთულად დაიწყო სეზონი, თუმცა მაქსიმალურად ვცადეთ, რომ წარმოებაზე ეს დანაკარგი არ ასახულიყო. შესაბამისად, წელს წარმოების ზრდას და გლობალური არეალის გაფართოებას ვგეგმავთ.
მთავარი სწორება ხარისხზე გვაქვს, მსოფლიოს ვერაფრით გააკვირვებ, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი ტრადიციული, ქვევრის ღვინოების ნაირსახეობა შევთავაზოთ ბაზრებს, რაც ევროპისთვის სიახლეა. ამ მხრივ ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი და უნდა გამოვიყენოთ. გამოწვევებით სავსე, მაგრამ საინტერესო სეზონია.
რაც შეეხება ჩვენს ბრენდს, ღვინოს საკუთარი ვენახებიდან ვაწარმოებთ, თუმცა ადგილობრივი ფერმერებისგანაც ვყიდულობთ.
ამ ეტაპზე 7 დასახელების ღვინო გვაქვს და ვცდილობთ, რომ ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად გავზარდოთ, რის პოტენციალიც დიდია“, - ამბობს გიორგი ხუციშვილი.
მეღვინე ასევე აღნიშნავს, რომ მწარმოებლისთვის დიდი სტიმულია საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, რაც მეტი მოტივაციაა წარმოების ზრდისა და უცხოურ ბაზრებზე გასასვლელად. ,,ცოტა ხნის წინ ჩვენი კომპანია რიგის საერთაშორისო არგოგამოფენაში მონაწილეობდა.
ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მსგავსი გამოფენები ძალიან გვეხმარება, რომ გავზარდოთ ასორტიმენტი და ჩვენი ღვინოები მსოფლიოს გავაცნოთ. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ექსპორტი არ გვაქვს, ეს შანსიც გამოჩნდა, რასაც ალბათ გამოვიყენებთ და სამომავლოდ ამ მიმართულებასაც ავითვისებთ“, - ამბობს გიორგი ხუციშვილი.
ცნობისთვის, ,,ძმები ხუციშვილების” სახელით, საოჯახო მარნის ღვინოს წარმოება 2015 წელს დაიწყო. ქართული ბრენდი რამდენიმე დასახელების ქვევრის ღვინოს აწარმოებს, მათ შორის - საფერავს, რქაწითელსა და ქისს.
„ძმები ხუციშვილების მარანში“ ღვინის დაყენების ოჯახური ტრადიცია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის გიორგი და გელა ხუციშვილების თავდაუზოგავი შრომისა და წინაპართაგან ნაბოძები ვაზის მოვლისადმი უდიდესი სიყვარულის შედეგად წარმოებული ,,ღვთიური სასმელი" გასცდა საქართველოს ფარგლებს და ხელმისაწვდომი გახდა ამერიკელი და ევროპელი მომხმარებლისთვის.
უახლესი