„მოხარული ვარ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უნგრეთს ვესტუმრე. ეს არის საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ ის ხორციელდება ქვეყანაში, რომელიც საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერით გამოირჩევა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერთან ერთობლივ ბრიფინგზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მას უნგრელ კოლეგასთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
„ბატონი თავმჯდომარე საქართველოს ჯერ კიდევ 2023 წელს ესტუმრა და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვახორციელებთ საპასუხო ვიზიტს, რაც კარგად წარმოაჩენს, თუ როგორ ვითარდება ჩვენი საპარლამენტო კავშირები.
ძალიან ვაფასებ უნგრეთში ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობას გეოპოლიტიკურად არასტაბილურ პერიოდში, როდესაც მსოფლიო სხვადასხვა პოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე იმყოფება. დღევანდელ რთულ გარემოში, ისეთ მეგობრულ ქვეყნებს შორის შემდგომი თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა, როგორიცაა საქართველო და უნგრეთი, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
შეხვედრის ფარგლებში, დიდი მადლობა გადავუხადე უნგრულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მომავლის მტკიცე და შეუქცევადი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა საუკუნეების წინ წარმოიშვა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებიც ჩვენი ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს.
„უკანასკნელ წლებში, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, ჩვენი კავშირები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიყვანეთ, რასაც ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის დადებითი შედეგები მოაქვს.
პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირველი ლიდერი გახლავთ, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა. აღნიშნული ჩვენი ძლიერი მეგობრობისა და ურთიერთმხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ სამთავრობო დონეზე კომუნიკაცია ხშირია.
„შეხვედრის ფარგლებში, მე და ჩემი კოლეგა შევთანხმდით საპარლამენტო მიმართულებითაც ჩვენი ჩართულობის კონსოლიდაციაზე. დღეს ჩვენს ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება გავაფორმეთ. მჯერა, რომ ეს შეთანხმება ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო ნაყოფიერი საპარლამენტთაშორისო დიალოგისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მყარ საფუძველს შექმნის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ინფორმაციის შემდგომ გაზიარებას პარლამენტების ადმინისტრაციებს, სექტორულ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე აგრეთვე, შეთანხმდნენ ევროპული პოლიტიკური პლატფორმების ფარგლებში თანამშრომლობაზე.
„შეხვედრის ფარგლებში, მე, ასევე, ვისაუბრე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გეგმებზე და ხაზი გავუსვი საქართველოს მიზანს, 2028 წლამდე, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90% განახორციელოს. მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი ეს შეთანხმება ჩვენი მთავარი გეგმაა, რათა გავაგრძელოთ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება. მადლობას ვუხდით უნგრეთს ამ პროცესში ჩვენი დახმარების მზაობისთვის. თქვენი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა.
მადლიერები ვართ აქ, ეროვნულ ასამბლეაში თბილი დახვედრისთვის. ძალიან ვაფასებთ უნგრული მხარის თითოეულ ნაბიჯსა და განცხადებას, რომლებიც საქართველოს მხარდაჭერაზეა მიმართული. მზად ვართ, მომდევნო წლებში გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უახლესი
11 საათის წინ
რამდენი Bentley-ს ავტომობილია ქვეყანაში რეგისტრირებული13 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა