დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას. ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით.
მისივე განმარტებით, კანონპროექტით განისაზღვრება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხი. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგზე უფლებამოსილად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო განისაზღვრება. ასევე ჩნდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ყოლის ვალდებულება და წესრიგდება აღნიშნული პირის სერტიფიცირების საკითხი.
კოდექსში ჩნდება ისეთი ახალი ტერმინები, როგორიცაა - „ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი", „ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი", „ტუროპერატორი", „ბილეთების გამყიდველი", „დანიშნულების პუნქტი" და სხვა.
კანონპროექტის თანახმად, სარკინიგზო კოდექსით განისაზღვრება მნიშვნელოვანი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების გადაყვანისათვის. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სარკინიგზო საწარმოებისა და რკინიგზის სადგურის მენეჯერის ვალდებულება, უზრუნველყონ შესაბამისი პერსონალის შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული სპეციალური სწავლება.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა1 საათის წინ
„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს