საქართველოს საავტომობილო ბაზრის ლიდერი კომპანია ,,კავკასიის ავტოიმპორტი“ მიმდინარე წლის შედეგს აჯამებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი სურგულაძე Business Insider Georgia - თან აღნიშნავს, რომ მონაცემები წლის ბოლოს იქნება მზად, თუმცა წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წარმატებული წელია.
„საავტომობილო ბაზარზე მზარდი ტენდენცია წინა წელს დაიწყო და დინამიკა არ შეცვლილა 2023 წელსაც. მეტიც, უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა ავტომობილებზე, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით. ეს ბაზრები ინტენსიურად დაგვემატა, რის მოლოდინიც ნამდვილად არ იყო.
განსაკუთრებით ტაჯიკეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე ფიქსირდება რეკორდული გაყიდვები, შედეგს ვაჯამებთ და წლის ბოლოს ნათლად გამოჩნდება, თუ რა მაჩვენებლებით დავასრულებთ წლევანდელ სეზონს, წინასწარ ციფრებზე საუბარი გამიჭირდება“, - ამბობს გიორგი სურგულაძე.
მისი შეფასებით, შუა აზიის ბაზრები დაახლოებით 20 წლის წინაც ძალიან აქტიური იყო და წელს ეს ტრენდი დაიბრუნა.
„ტაჯიკეთი და ყაზახეთი მზარდი ბაზრებია. ასე იყო 20 წლის წინაც, როცა ჩვენ ბიზნესს ვიწყებდით და ახლაც ანალოგიური მოცემულობაა. წლების განმავლობაში ეს ბაზრები რუსეთიდან მარაგდებოდა, მაგრამ ახლა იქ ისეთი ვითარებაა, რომ არც აწარმოებს ავტომობილებს და მეორადებიც კი არასაკმარისი რაოდენობით შეჰყავთ“, - ამბობს გიორგი სურგულაძე.
მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ,,კავკასიის ავტოიმპორტი“ 7 ქვეყანაშია წარმოდგენილი, სადაც 550 ადამიანია დასაქმებული.
საქართველოში კომპანია 390 ადამიანს სტაბილურად ასაქმებს.
უახლესი