კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!" უკვე მეათედ, წარმატებით ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს, რომელთა ნამუშევრებიც კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და სამი გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, უნდა წარმოედგინათ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. გამარჯვებულებს ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზები გადასცა.
კონკურსში პირველი ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტმა, ლაშა ქურდაძემ დაიკავა, რომლის საკონკურსო ნაშრომი ,,Sputnik საქართველოს" ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა. სტატიაში საუბარი იყო აშშ-ის მიერ რუსეთისგან ურანის შესყიდვის გასამმაგებაზე, სადაც რუსულ წყაროებთან ერთად, მითითებული იყო, რომ სტატია ამერიკულ სტატისტიკას ეყრდნობოდა, თუმცა ამის დამადასტურებლად, არაფერი ყოფილა თანდართული. სწორედ ამიტომ, ლაშამ გადაამოწმა სტატიის პირველწყარო, სტატიაში მოყვანილი ფაქტები და ამ საკითხთან დაკავშირებით, მოიძია დამატებითი ინფორმაცია სანდო წყაროებიდან, რის შემდეგაც დაადგინა, რომ ინფორმაცია ყალბი იყო. აღსანიშნავია, რომ ლაშა ქურდაძე ,,ნამდვილი თუ მოგონილის?!" გამარჯვებული უკვე მეორედ, ამჯერად როგორც სტუდენტი გახდა და ComCom-ისგან MacBook Air 15.3" მიიღო.
მეორე ადგილზე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, ვიტალი ბარაბანი გავიდა, რომელმაც ნაშრომი ვიდეოს სახით წარმოადგინა და ეთერში გაჟღერებულ განცხადებაზე ისაუბრა. კერძოდ, ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი გადაცემაში დარწმუნებით ამტკიცებს, რომ საქართველოს გარდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პრაქტიკა მხოლოდ რუსეთში, ჩინეთში, ირანსა და ისრაელშია შემორჩენილი. ვიტალიმ სანდო წყაროებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პრაქტიკა ათობით ქვეყანაში მოქმედებს და დაამტკიცა, რომ რესპონდენტის მიერ გავრცელებული ფაქტი, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ვიტალი ბარაბანს კომუნიკაციების კომისიამ iPhone 15 Pro გადასცა.
მესამე ადგილის მფლობელი კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ლუკა ჯამაგიძე გახდა, რომელმაც რუსულ ტელეგრამის არხზე გავრცელებული ინფორმაციის სიყალბე დაამტკიცა. ინფორმაცია, რომელსაც ვიდეოც ერთვის თან, ეხება რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ჯავშან-ტექნიკის განადგურებას. ლუკამ სანდო წყაროებთან ერთად, ვიდეოში გამოყენებული კადრები გადაამოწმა და დაადგინა, რომ ინფორმაცია მცდარია. მას ComCom-ისგან iPad 10.9 გადაეცა.
დაჯილდოების შემდეგ, გაიმართა პანელური დისკუსია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარების შესახებ, რომელსაც მოდერაცია ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ გაუწია. სესიის ფარგლებში, მოდერატორმა კონკურსის ჟიურის წევრებთან, კერძოდ, ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსთან, მარიამ დახუნდარიძესთან, ComCom-ის მედიააკადემიის ხელმძღვანელთან, შორენა შავერდაშვილთან და ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან, მაია ქურციკიძესთან ერთად, ჩატარებული ათივე კონკურსი შეაჯამა და ის შედეგები მიმოიხილა, რომელთაც ComCom-მა კონკურსის მეშვეობით, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მიაღწია.
გარდა პრიზებისა, ,,ნამდვილი თუ მოგონილის?!" გამარჯვებულებს და წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და სერტიფიცირებული ტრენინგებით გადაამზადებს, რომელთა დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ და მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!" ახალგაზრდებში ანალიზის, ფაქტების გადამოწმების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. კონკურსი ექვსჯერ სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო ოთხჯერ სტუდენტებისთვის ჩატარდა და სულ 700-მდე მონაწილე ჰყავდა. კონკურსის პარალელურად, ComCom-მა სკოლებსა და უნივერსიტეტებში 170-მდე სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 3700-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა