დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი ამერიკელები და ევროპელები არიან -  Caucasus Travel

ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი ამერიკელები და ევროპელები არიან - Caucasus Travel

09-05-2024 12:00:00

ჩვენი ძირითადი ბაზრებია ამერიკა, ევროპა, უკვე აზიაც, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Caucasus Travel-ის დირექტორმა მაია კიკნაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მიმდინარე პერიოდი ჯავშნები გასული წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია. 

„პანდემიის შემდეგ, გასულ წელს გააქტიურდნენ აზიური ქვეყნები და წელსაც ანალოგიურ აქტიურობას ველოდებით, საუბარია ჰონგ კონგზე, სინგაპურზე, ვმუშაობთ ასევე ჩინეთზე, ინდოეთზე. თუმცა ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი მაინც ამერიკელები და ევროპელები არიან“, - განმარტავს ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი.

ირკვევა, რომ წელს Caucasus Travel-ი ჩინეთში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას. 

„ჩინეთის ბაზარზე ვმუშაობთ და წელს ვიღებთ დიდ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას. საქართველო პირველად მიდის საკუთარი სტენდით და იქ ჩვენი კომპანიაც იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა კიკნაძემ. 

Caucasus Travel-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამერიკელი ტურისტები საქართველოში საშუალოდ 7 დღე მოგზაურობენ.

„ამერიკიდან ჩამოსული ტურისტები საქართველოში საშუალოდ 5-7 დღე რჩებიან. ჩვენი ტურისტები ძირითადად კომბინირებულ ტურებს ანიჭებენ უპირატესობას, ანუ საუბარია რეგიონზე: სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ან რეგიონის მინიმუმ 2 ქვეყანა. ასეთ შემთხვევაში კი თუ 2 კვირა მოგზაურობენ, საქართველოს ამ კომბინაციაში 7-8 დღე უკავია“, - აცხადებს  Caucasus Travel-ი დირექტორი.

ტურისტულ კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროის მდგომარეობით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტების დაინტერესება გაზრდილია. 

„ევროპიდან წელს საკმაოდ გამოცოცხლება იგრძნობა, განსაკუთრებით ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, აქტიურია ასევე ინგლისი“, - ამბობს კიკნაძე.

ირკვევა, რომ წელს შარშანდელთან შედარებით უცხოელი ტურისტებისათვის საქართველოში ტურისტული პაკეტები დაახლოებით 10%-ითაა გაძვირებული.

„შარშანდელთან შედარებით ფასების ზრდა არის. გაძვირდა კვების ღირებულება, ტრანსპორტირების ფასები ყოველწლიურად მატულობს, საწვავის ფასიც გაზრდილია. მთლიანობაში საქართველოში პაკეტების ღირებულება დაახლოებით 10%-ითაა გაძვირებული“, - განმარტავს მაია კიკნაძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები