საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა თხილის ექსპორტიორებისთვის დამატებითი მოთხოვნების მიესალმება.
ბიზნესოპერატორი ვალდებულია, თხილში აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოს.
როგორც გიორგი თოდუა Business Insider Georgia-სთან ამბობს, იყო შემთხვევები, როდესაც თხილში აფლატოქსინი გამოვლინდა და სხვადასხვა ქვეყნებიდან უკან მოხდა დაობებული თხილის დაბრუნება.
„ეს რა თქმა უნდა ცუდია ექსპორტიორებისთვის და რა თქმა უნდა ირიბად იმოქმედებს ქართული თხილის ფასზე. რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი ფერმერებისთვის და ქართული თხილის რეპუტაციისთვისაც. ჩვენი მთავარი მიზანია, მივაღწიოთ სტაბილურობას ევროპის ბაზარზე, რადგან ქართული თხილი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება და აქედან გამომდინარე ექსპორტიორები თუ უფრო მეტად მობილიზებული იქნებიან და მაქსიმალურად გაითვალისწინებენ რეგულაციებს და ბაზარს სტაბილურად მიაწვდიან პროდუქციას, ფასიც იქნება სტაბილური, რაც უზრუნველყოფს მომავალში ფერმერების უფრო მეტ მოტივაციას, შრომასა და მონდომებას“, - ამბობს გიორგი თოდუა.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადბით, დიდ საწარმოებში თხილის გულის შენახვა სპეციალურ მაცივრებში ხდება, მცირეებში კი ეს ტექნოლოგიურად ნაკლებად არის დაცული.
„22 ტონიან კონტეინერში თხილის მცირე რაოდენობაც რომ იყოს დაზიანებული აფლატოქსინით, გაგზავნილი პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყანაში უკან დაბრუნება ხდება“, - ამბობს გიორგი თოდუა.
მისი თქმით, თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში 35 ათასზე მეტი ფერმერია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისაღები ფასი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის თხილი. დროულად ჩავატაროთ წამლობები, მექანიზაცია, დროზე შევიტანოთ სასუქები და დავამუშაოთ ნიადაგი, რათა ავიღოთ მაღალი ხარისხის მოსავალი, გავაშროთ და დავასაწყობოთ. შემდეგ ჩვენს მოსავალს ყიდულობენ გადამამუშავებელი საწარმოები, ექსპორტიორები“, - აღნიშნავს გიორგი თოდუა.
უახლესი