დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
CFD-ის პირველ აუქციონზე 24-მა კომპანიამ გაიმარჯვა - სამინისტრო

CFD-ის პირველ აუქციონზე 24-მა კომპანიამ გაიმარჯვა - სამინისტრო

28-04-2023 11:05:52

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის აქტიურობა და ინტერესი, რაც კერძო სექტორის მხრიდან დაფიქსირდა განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში - კომისიამ ძალიან დეტალურად, უმოკლეს ვადებში განიხილა წარმოდგენილი წინადადებები, შეარჩია ის განაცხადები, რომელთა შემოთავაზებული ტარიფი მოხვდა მედიანური ტარიფის ქვეშ და გამოავლინა აუქციონის გამარჯვებულები, ჯამში 24 კომპანია" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ აუქციონის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა განიხილავს და მოიწონებს ინფორმაციას სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული კომპანიების შესახებ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება დეტალური ინფორმაცია იმ ენერგეტიკული პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებაც  მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებული პირველი აუქციონის შედეგების საფუძველზე მოხდება.

განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. განაცხადების მიღება  2023 წლის 22 მარტს დაიწყო და 27 მარტის 18:00 საათზე დასრულდა. სიმძლავრის აუქციონში წარმოდგენილი იქნა 78 განაცხადი დალუქული კონვერტების მეშვეობით.

აუქციონის მიმართ დაინტერესება ინვესტორების მხრიდან იყო ძალიან მაღალი, ვინაიდან პირველი აუქციონის გამოცხადებულ 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იქნა 900 მგვტ სიმძლავრის განცხადებები. (300 მგვტ გადანაწილდა შემდეგი სახით: 150 მგვტ. ჰიდროელექტროსადგურებისთვის (მოდინებაზე არსებული), 70-70 მეგავატი ქარის და მზის ელექტროსადგურებისთვის, ხოლო 10 მგვტ. კი სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებზე).

აუქციონის კომისიამ, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები შედიან, განიხილა და შეისწავლა დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მასალები და განაცხადები. კომისიამ დაადგინა მედიანური ტარიფი თითოეული ტიპის ელექტროსადგურისთვის (ჰიდრო, ქარი და მზე) და სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ შერჩეულ იქნა ის განაცხადები, რომელთა შემოთავაზებული ტარიფიც მოხვდა მედიანური ტარიფის ქვეშ და გამოაცხადა გამარჯვებული ელექტროსადგურები.

„აუქციონის შედეგები ადასტურებს, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა ძალიან წარმატებით ხორციელდება,  რაც, საბოლოოდ,  ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის" - აღნიშნა მიქაუტაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები