დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიო ღვინისა და ტურიზმის სინთეზი - როგორ ცდილობს მცირე საოჯახო მარანი ბაზარზე ნიშის დაკავებას

ბიო ღვინისა და ტურიზმის სინთეზი - როგორ ცდილობს მცირე საოჯახო მარანი ბაზარზე ნიშის დაკავებას

10-11-2023 12:00:48

წლევანდელი წელი გამონაკლისია, როცა ,,ზურაბ კვირიაშვილის მარანმა“ ახალი პროდუქტი არ ჩამოასხა. ამის მიზეზი ვენახის მოუსავლიანობაა. თუმცა კომპანია აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, მათ შორის ექსპორტთან დაკავშირებითაც.

როგორ ,,ზურაბ კვირიაშვილის მარნის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზურაბ კვირიაშვილი Business Insider Georgia- თან აცხადებს, ამ ეტაპზე კომპანია ემზადება აშშ-ში ნატურალური ღვინის ფესტივალზე მონაწილეობისთვის, ასევე ექსპორტზე ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გაააქტიურებს მუშაობას.

„მონაწილეობას მივიღებთ აშშ-ში ნატურალური ღვინის ფესტივალზე, რომელიც  უახლოეს მომავალში გაიმართება. ასევე იგეგმება შვეიცარიიდან ტურების ჩამოყვანა, რომლებიც შემდეგში საქართველოდან ღვინის ექსპორტს განახორციელებენ. გვაქვს მოლაპარაკება ესტონეთთან და ლიტვასთან, რომლებიც ჩვენი ღვინით არიან დაინტერესებულები.

წარმოებაში ამ ეტაპზე არაფერი შეცვლილა იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი ვენახებიდან მოსავალი ვერ მივიღეთ. ნატურალური ღვინის ასოციაციის წევრს წარმოვადგენთ და შესაბამისად, სწორება ბიო ღვინოების წარმოებაა. წელს ვერც ნატურალური პოროდუქტის შეძენა მოხერხდა ბაზარზე, ამიტომ წინა წლების დარჩენილი მარაგების რეალიზაციას მოვახდენთ, რომელიც დაახლოებით 4 000 ბოთლამდეა. გეგმაშია ექსპორტის გაზრდა  აშშ-ში და ახალი ბაზრების მოძიება. ამაში ნატურალური ღვინის ფესტივალი ძალიან დაგვეხმარება“, - ამბობს ზურაბ კვირიაშვილი.

„ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“ პირველი საოჯახო მარანია, რომელმაც 2002 წელს საქართველოში ღვინის ჩამოსხმა და გაყიდვა დაიწყო. წლევანდელ პერიოდს თუ არ ჩავთვლით, მარნის წლიური წარმოება 7,500 ბოთლ ბიოღვინოს შეადგენს.

მიღწეულ წარმატებაში, როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული ცოდნა ძალიან დაეხმარა.

„მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული კურსები აშშ-ში გავიარე. გარკვეული პერიოდი ვიმუშავე მირასუს ღვინის ქარხანაში. მიღებულმა ცოდნამ შესაძლებლობა მომცა, რომ სექტორის სპეციფიკას გავცნობოდი, რაც სამშობლოში დაბრუნებულმა უკვე პრაქტიკაში განვახორციელე.

სწორედ აქედან დავიწყე ფიქრი, რომ ღვინის ტურიზმი შემექმნა. ღვინო ბოთლში პირველად 2002 წელს ჩამოვასხით, ეს იყო საფერავი და რქაწითელი. ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებ, სწორედ ამერიკული გამოცდილების შედეგია. 2025 წლისთვის  სერიოზულად ვგეგმავთ ჩართვას ამ სფეროში და არა მარტო ღვინოს, სხვა ტურისტული პროდუქციის განვითარებასაც“, - ამბობს ზურაბ კვირიაშვილი.

წარმოების პროცესში ძირითადად ოჯახის წევრები არიან ჩართულები. თუმცა ვენახის სამუშაოებსა და საექსპორტო მიმართულებაზე, მუდმივად ჩართულია 3-4 ადამიანი, რომელთა რაოდენობაც სეზონზე 9-10-მდე იზრდება.

ცნობისთვის, მცირე საოჯახო მარანი ,, ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“ 2002 წელს დაარსდა. მარანი ალაზნის ველის ცენტრში , მდინარე ალაზნის მარჯვნივ , ქალაქ თელავში მდებარეობს. ზურაბ კვირიაშვილი არის პირველი თაობა , რომელმაც მოახდინა წინა თაობების მიერ გადმოცემული ტექნოლოგიით ნაწარმოები ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და ექსპორტზე გატანა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები