დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბინების გაყიდვებზე გლობალურმა პროცესებმა ნეგატიურად იმოქმედა - უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია

ბინების გაყიდვებზე გლობალურმა პროცესებმა ნეგატიურად იმოქმედა - უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია

18-11-2023 14:35:03


მიმდინარე წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის საკმაოდ საინტერესო და გამოწვევებით სავსეა. თუმცა უკვე შემოდგომიდან ტენდენციამ კლებისკენ აიღო გეზი, რის მიზეზადაც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა მებაღიშვილი გლობალური მასშტაბით შექმნილ ვითარებას და ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენციას მიიჩნევს. 
მისი თქმით, ტრანზაქციები იკლებს არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც, რა მხრივაც ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა სიტუაციამ გარკვეული გავლენა მოახდინა.
,,საქართველოში ამ ეტაპზე უცხო ქვეყნების  მოქალაქეების ნაკადი მეტნაკლებად შემცირებულია, ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც გაყიდვებზე მოქმედებს. გარკვეულწილად გავლენას ახდენს გაძვირება, რაც მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება, არამედ გლობალური ტენდენციაა. უძრავი ქონების ღირებულება  აბსოლუტურად შეუსაბამოა, ძალიან მაღალი ფასებია, რის გადახდის შესაძლებლობაც საქართველოს მოქალაქეებს ნაკლებად აქვთ. მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ. დროთა განმავლობაში დარეგულირდება სიტუაცია", - აღნიშნა მებაღიშვილმა.
მისი თქმით, შემოდგომის დასაწყისში უძრავი ქონების ბაზარზე ზოგადად ყველაზე აქტიური პერიოდია და შემდეგ უკვე ზაფხულის პერიოდში. გაყიდვებში მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ტრენდი შენარჩუნებულია.
,,2023 უძრავი ქონების ბაზრისთვის ძალიან საინტერესო წელი. სურათი შეიცვალა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო. არაერთი ფაქტორი იყო, რაც ააქტიურებდა მოთხოვნას  საქართველოში არსებულ უძრავ ქონებასა და ინვესტირებაზე. აქედან გამომდინარე, ბევრი გამოწვევით და საინტერესო სიახლეებით სავსე წელია. ტენდენცია როგორ გაგრძელდება, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, სამშენებლო მასალების და მიწების ღირებულებაზე. ცალსახად მიმაჩნია, რომ  პროგნოზი არ ამართლებს ხოლმე, უფრო ინერციით მიდის პროცესები და ბევრ რამეს  წინასწარ ვერ განსაზღვრავ", - აცხადებს ვაჟა მებაღიშვილი Business Insider Georgia- თან.
Colliers Georgia-ს ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,387 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 20%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 10%-ით, 216 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.  
აღნიშნულ პერიოდში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 26%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა.
 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები