დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში „კერკის“ პირველი მაღაზია გაიხსნა

ბათუმში „კერკის“ პირველი მაღაზია გაიხსნა

10-01-2024 02:15:00

ბათუმში, გორგასლის №111-ში ახლახან „კერკის“ ბრენდირებული პირველი მაღაზია გაიხსნა. კომპანია 3 წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილები, „კერკის“ პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის გამო მიიღეს.

მშრალი ხილის ჯანსაღ, მრავალფეროვან, მათ შორის უცნობ გემოებზე Business Insider Georgia-სთან „კერკის" საწარმოს ხელმძღვანელი თამარ გაბეჩავა საუბრობს.

„კერკი“ ამზადებს ჩირეულს, ჩურჩხელებს, ტყლაპებს და ცუკატებს. მაღაზიაში გვაქვს ჩირეულის კუთხე და ეს პროდუქცია ტრადიციული მეთოდით არის გამომშრალი. 2024 წელს სიახლეებით ვეგებებით, გვაქვს ბოსტნეულის ჩირები. გვაქვს სუნელებით შეკმაზული სტაფილოსა და ჭარხლის ჩირი. ასევე გვაქვს მჟავე კიტრის ჩირი. ასევე დავამზადეთ პომიდვრის ჩირი.

ასევე მაღაზიაში წარმოდგენილია ალკოჰოლში დამუშავებული წყავი და ალუბალი. მალე იგივე მეთოდით დამზადებული მარწყვიც გვექნება“, - ამბობს თამარ გაბეჩავა.

მისი თქმით, მომხმარებელს ყველაზე მეტად მანდარინის ჩირი მოსწონთ, რაც „კერკის“ ტოპ პროდუქტია.

„კერკის“ ბათუმის მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა დასახელების ტყლაპი სასაჩუქრე შეფუთვით. „ჩვენი საწარმოს შექმნის დღიდან აქცენტი გავაკეთეთ ვიზუალზე. გვინდოდა, რომ ჩვენი პროდუქტი, როგორც გემოვნური თვისებებით სასაჩუქრედაც ყოფილიყო მისაღები. ამიტომ გასულ წელს, „კერკმა“ ბაზარზე პროდუქცია ახალი სასაჩუქრე შეფუთვით წარმოადგინა“, - ამბობს თამარ გაბეჩავაა.

მეწარმის ინფორმაციით, „კერკმა“ ასევე გასაყიდად გამოიტანა ჩურჩხელა, რომელიც ვაკუუმშეფუთვის გარეშეა და მაღაზიაშია წარმოდგენილი.

„2024 წლისთვის სიახლეა ბადაგში ამოვლებული ნუში, ასევე ბადაგში ამოვლებული ქლიავის ჩირი და ნიგოზი. ასევე წარმოვადგინეთ პროდუქტი, რომელიც მხოლოდ „კერკს“ გამოაქვს ბაზარზე, ეს არის ალუბლის ფელამუშში ამოვლებული ნიგოზი“, - ამბობს თამარ გაბეჩავა.

ცნობისთვის, ჩირის მწარმოებელი საწარმო ,,კერკი" ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარეობს. კომპანია ქართველ მომხმარებელს ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს და ჩურჩხელას სთავაზობს. საწარმო 2021 წლის დეკემბერში ამოქმედდა და სეზონურად 40-მდე ადამიანს ასაქმებს.

პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი 700 000 დოლარია.

კომპანიის მიერ ინვესტირებული თანხის და ბანკის სესხის გარდა, პროექტის თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამების და საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელდა.

ცნობისთვის, კერკი ძველქართული სიტყვაა, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახლაც გამოიყენება და მზეზე გამშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები