გამორჩეული კონცეფციის რესტორანი ,,ბარბარესთან" ქართველებისთვის ძველისძველი გემოების და დროში მოგზაურობის საოცარი შეგრძნებაა, უცხოელი ტურისტებისთვის - ადგილი, სადაც საქართველოს კულტურას, გასტრონომიას, ეთნოგრაფიას და ისტორიას ეზიარებიან. ამ უნიკალური შესაძლებლობებით დღეს იგი ბევრად მეტია, ვიდრე რესტორანი, რომელმაც მსოფლიო გასტრონომიის რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა.
რესტორნის ისტორია კი 2014 წელს დაიწყო - იდეით, რომელსაც ერთმა შემთხვევამ უბიძგა, როცა ქურასბედიანების მრავალშვილიანი ოჯახის ხელში ბარბარე ჯორჯაძის მიერ მეცხრამეტე საუკუნეში დაწერილი წიგნი „სრული სამზარეულო“ აღმოჩნდა.
რესტორნის გენერალური მენეჯერი ანდრია ქურასბედიანი ,,ბარბარესთან" შექმნის ისტორიასა და მის უნიკალურ ნიშაზე Business Insider Georgia- თან საუბრობს.
,,რესტორანი “ბარბარესთან” შექმნის იდეა გაჩნდა 2014 წელს, ძალიან შემთხვევით. ჩვენი ოჯახი წლების განმავლობაში მართავდა ტრადიციულ ქართულ რესტორანს, წლების შემდეგ ბიზნესს, რესტორანს ჭირდებოდა განახლება, საიდანაც დაიწყო ფიქრი და მუშაობა როგორ შეგვეცვალა არსებული რესტორანი, რა განგვეახლებინა, როგორი მიმართულებით წავსულიყავით, განახლების პროცესში და კონცეფციის ჩამოყალიბებაში კომპანია ,,გასტრონავტი" დაგვეხმარა.
პროცესის დაწყების შემდეგ ზვიად ქურასბედიანმა, ძალიან შემთხვევით იპოვა მშრალ ხიდზე კნეინა ბარბარე ჯორჯაძის კულინარიული წიგნი სრული სამზარეულო 1914 წლის მესამე გამოცემა, რომელშიც 807 უნიკალური რეცეპტია წარმოდგენილი. ამ წიგნის აღმოჩენის შემდეგ სრულად შეიკრა და ჩამოყალიბდა ჩვენი იდეა და კონცეფცია, გადაწყდა, რომ მხოლოდ ბარბარე ჯორჯაძის კულინარიულ რეცეპტებს გავაცოცხლებდით, რესტორანს კი მის პატივსაცემად დავარქვით ,,ბარბარესთან", რომლის ინტერიერის დეტალები სრულიად ასახავდა კნეინა ბარბარე ჯორჯაძის სახლს, მისაღებს, მისი სამუშაო სივრცეს, სამზარეულოს, ღვინის მარანს და მომსახურე ადამიანებს", - გვიამბობს ანდრია ქურასბედიანი.
ბარბარე ჯორჯაძეს შემოაქვს გასტრონომიული, სტუმართ მასპინძლობის სისტემური ცოდნა, რასაც უზიარებს თაობებს 1874 წელს გამოშვებულ წიგნში „სრული სამზარეულო“.
ოჯახი გვთავაზობს ღირებულებას ძველი 19 საუკუნის თბილისისა და ევროპული ტრადიციის სალონური კულტურის შერწყმას.
,,სრულად ვიზიარებთ ბარბარე ჯორჯაძის ხედვას, რომელიც მას გააჩნდა მე- 19 საუკუნეში და თავისი ეპოქის დიდი თანამედროვე იყო. ანალოგიურ ხედვას ვიზიარებთ ოჯახი და ვახდენთ მისი რეცეპტების თანამედროვე სახით წარმოჩენას. ჩვენი სტუმრები არიან ქართველები ასევე უცხოელები მათი მთავარი მიზანი ჩვენთან სტუმრობის გახლავთ მიიღონ განსხვავებული, საინტერესო, გასტრონომიული გამოცდილება მყუდრო ოჯახურ გარემოში, სადაც ანთებული გულით ხვდებიან და ემსახურებიან.
გასული 8 წლის განმავლობაში 807 რეცეპტიდან აღვადგინეთ და გავაცოცხლეთ 350- ზე მეტი. ჩვენი მენიუს განვითარებაზე, იდეაზე, ხარისხზე მუშაობს ოჯახის დიასახლისი ქალბატონო მაკა ჯიბუტი, რომელიც აქტიურად არის შეფებთან ჩართული ახალი რეცეპტების შექმნაში, გაცოცხლებაში.
რესტორნის მენიუზე, რეცეპტებზე მუშაობდნენ როგორც შეფები ლევან კობიაშვილი და გიორგი სარაჯიშვილი. ამ ეტაპზე კი შეფ დავით ნარიმანიშვილთან ვთანამშრომლობთ, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილებით, განათლებით და საერთაშორისო კულინარიული ცოდნით გამოირჩევა. მისი გამოცდილება დიდ დახმარებას გვიწევს ქართული გასტრონომიის განვითარებაში", - ამბობს ანდრია ქურასბედიანი.
ის, რაც ,,ბარბარესთან" უნიკალურს ხდის, სწორედ ეს მისი გამორჩეული კონცეფციაა, მისი კონკურენტული უპირატესობა.
,,ქართულ სარესტორნო ბიზნესში ჩვენი ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორია Ბარბარე ჯორჯაძის უნიკალური სრული სამზარეულოს წიგნის კულინარიული რეცეპტების, მომსახურეობის, სტუმართ მასპინძლობის შექმნა, გაცოცხლება და ადათის თაობებისთვის გადაცემა. ასევე რესტორანი „ბარბარესთან“ ახდენს მე-19 საუკუნეში უნიკალური წიგნის „სრული სამზარეულო“ რეცეპტების გაცოცხლებას, მაღალი მომსახურეობით სტუმართ მასპინძლობის ტრადიციაში", - ამბობს ქურასბედიანი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმას, ბრენდის შემქმნელები უკვე გაფართოებაზეც ფიქრობენ. კონცეფცია უცვლელად შენარჩუნდება.
„ბარბარესთან" ახალი ფილიალი აუცილებლად ძველ თბილისში დაიდებს ბინას.
როგორც რესტორნის დამფუძნებლები აცხადებენ, მთავარი განვითარების სურვილია და მიხვედრა, რომ აქ და ახლა არის შესაძლებლობა, რომელიც სწორად უნდა გამოიყენო, მიიღო, გაიაზრო და რეალობად აქციო. ის, რასაც ქურასბედიანების ოჯახი, წლებია აკეთებს.
უახლესი