დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ელექტრონული სწავლება ნაწილობრივ გახდა დაშვებული

ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ელექტრონული სწავლება ნაწილობრივ გახდა დაშვებული

27-06-2024 16:11:00

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა.

საკითხი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში  ნაწილობრივ გახდა დაშვებული ელექტრონული სწავლება. ასევე, შესაძლებელია  მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას. სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს.

გარდა ამისა,  შესაძლებელია არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება. არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა. არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას სტუდენტისთვის მხოლოდ 1 წლით გადავადდება ჯარი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე.

ცვლილება შევიდა ასევე „პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონში და დაემატა დისტანციური სწავლების ტერმინი.  ასევე, განისაზღვრა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული მომზადების პროგრამა/პროფესიული გადამზადების პროგრამა/ სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა შესაძლოა ითვალისწინებდეს კომპონენტებს, რომლებიც წარიმართება დისტანციურად, სამინისტროს მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები