დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბაიას ღვინო“ ახალ მარანს აშენებს

„ბაიას ღვინო“ ახალ მარანს აშენებს

05-06-2023 10:43:30

ბაია აბულაძის საოჯახო ღვინის კომპანია „ბაიას ღვინო“ ახალ მარანს აშენებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მეწარმემ განუცხადა.

მარნის მშენებლობა დაბალპროცენტიანი აგროსესხითა და საკუთარი დანაზოგით დაიწყეს.

„მარანში მოხდება ღვინის დამუშავება ასევე საინტერესო იქნება აგროტურიზმის კუთხითაც. მარანში გვექნება შესაძლებლობა დავაძველოთ იმერული ჯიშის ყურძნისგან მიღებული ღვინოები“, - ამბობს ბაია აბულაძე.

ამ დროსათვის „ბაიას ღვინო“ ადგილობრივი იმერული ჯიშებისგან 9 დასახელების ღვინოს აწარმოებს და მსოფლიოს 15 ქვეყანაში ყიდის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-ს, გერმანიისა და ევროკავშირის ქვეყნების ბაზრები. ასევე რეალიზაციას ვახდენთ აზიის ბაზარზე. სამომავლოდ საინტერესოა უკრაინისა და პოლონეთის ბაზარი. შემოთავაზება გვაქვს მექსიკიდან.

ყველაზე დიდი მოთხოვნაა ქვევრის ღვინოებზე, ასევე ცქრიალა ღვინოზე და ზოგადად ქართული ღვინო კარგად იკიდებს ფეხს მსოფლიო ბაზრებზე“, -ამბობს მეწარმე.

პარალელურად მეღვინე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის გამოფენებში მონაწილეობს.„ვმონაწილეობთ გამოფენებში აშშ-ში, გერმანიასა და დანიაში. თან ვცდილობთ ჩვენი ღვინო ახალ საინტერესო ბაზრებზე გავიტანოთ“, - ამბობს ბაია აბულაძე.

მისივე თქმით, კომპანიას ნაწარმის 70% ექსპორტზე გააქვს და წარმადობა 37 ათასი ბოთლია.

ბაია აბულაძემ საოჯახო მარანში ღვინის დამზადება 2015 წელს 22 წლის ასაკში დაიწყო, იგი თავად იღებს მონაწილეობას ღვინის დაყენებაში. უკვე გამოცდილი მეღვინე ცოდნას და-ძმას უზიარებს.

„ჩემი ოჯახის მეოთხე თაობა ვართ, ვინც მეღვინეობას ეწევა, ჩემი და-ძმაც ჩართული არიან ამ საქმეში, ისინი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები არიან და ამ მიმართულებით იღებენ განათლებას, ჩემი ძმა პროფესიით ენოლოგია, ასე რომ ეს ჩვენი ოჯახური ბიზნესია “ - აცხადებს ბაია.

აბულაძეების ოჯახი ღვინოს საკუთარ ვენახებში მოწეული მოსავლით ამზადებს, რომელიც იმერეთის საუკეთესო მიკროზონაშია გაშენებული. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები