საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმში.
არჩილ მესტვირიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - "ცენტრალური აზიის ქვეყნებში კერძო კაპიტალის მობილიზება ფინანსური ბაზრების მეშვეობით: გამოწვევებთან გამკლავება". პანელზე საქართველო დასახელდა, როგორც ფულადი ბაზრის განვითარების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი.
არჩილ მესტვირიშვილმა ისაუბრა საქართველოში ფულადი ბაზრის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ რეფორმები ამ მიმართულებით 2010 წლიდან გადავიდა აქტიურ ფაზაში. სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით, გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განსაკუთრებით აღნიშნა ამ პროცესში EBRD-ის როლი.
„ბანკთაშორისი ფულადი ბაზარი და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომელიც ფინანსური ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტებია, საქართველოში საკმაოდ კარგად განვითარებული და ლიკვიდურია. საქართველო იყო პირველი განვითარებადი ბაზრის ქვეყანა, რომელმაც ბანკთაშორისი და მონეტარული ოპერაციებისათვის ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმის Bloomberg-ის წარმატებით გამოყენება დაიწყო.
შემდეგში ამ მაგალითს, სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს. საქართველოში არსებობს, თანამედროვე სტანდარტებისა და ამავე დროს მაღალი ეფექტიანობის მქონე ფასიანი ქაღალდების შენახვისა და ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ამ სისტემაში არსებული ფასიანი ქაღალდების შენახვისა და ანგარიშსწორების რისკი ფაქტობრივად ნულის ტოლია. EBRD-ის აქტიური მხარდაჭერით გრძელდება რეფორმები დერივატივების ბაზრის განვითარების კუთხით. აღნიშნული რეფორმა დაეხმარება კომერციულ ბანკებს უფრო სწრაფად და ეფექტიანად აღრიცხონ პოზიციები და განახორციელონ ოპერაციები, რაც გააიაფებს დერივატივების ინსტრუმენტს და დაეხმარება კერძო სექტორს სავალუტო და საპროცენტო რისკების ჰეჯირებაში", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
უახლესი
8 წუთის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა