დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არ შეგეშინდეთ ისეთი მიზნების დასახვის, რომლებიც ახლა თქვენზე დიდად მოჩანს  - საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში ლევან თევდორაძე

არ შეგეშინდეთ ისეთი მიზნების დასახვის, რომლებიც ახლა თქვენზე დიდად მოჩანს - საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში ლევან თევდორაძე

30-09-2024 17:13:00

CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პარტნიორობით უკვე 31 სტიპენდიატს მისცა შესაძლებლობა, დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით მიეღოთ განათლება, შეძენილი ცოდნით კი საკუთარი წვლილი შეეტანათ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.

 

მათ შორისაა ლევან თევდორაძე, რომელიც ამჟამად CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის დაფინანსებით King’s College London-ში აგრძელებს სწავლას. საკუთარ გამოცდილებას კი ის ინტერვიუში გვიზიარებს:

 

გზა CHEVENING-ის სტიპენდიამდე

 

CHEVENING-ის პროგრამისთვის მზადების პროცესი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა. შემიძლია ვთქვა, რომც არ გამემარჯვა, მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპისას მიღებული გამოცდილებით, ანუ ამ პროცესში მონაწილეობითაც კი, მადლიერი ვიქნებოდი. ამის მიზეზი ის არის, რომ მომზადებისას უკეთ გავიაზრე ჩემი კარიერული და პიროვნული გზა, პროფესიული და პერსონალური გამოცდილებები ერთმანეთს დავუკავშირე. მგონი, ასე სისტემურად პირველად აქ დავფიქრდი, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ან სამომავლოდ კონკრეტულად რისთვის მინდოდა მიმეღწია.

 

CHEVENING-ის ესეების წერისას უკეთ გავიაზრე ჩემი ლიდერული გამოცდილებები და ამ პრიზმაში საკუთარი თავი უკეთ დავინახე. მომზადებისას მთავარი სირთულე, ალბათ, ჩემი გამოცდილების სწორად და საინტერესოდ გადმოცემა იყო, როგორც აპლიკაციის შევსების, ისე გასაუბრების ეტაპებზე. აპლიკაციის შევსების პროცესი, თითქოს, რთული და ამავე დროს სასიამოვნო აღმოჩნდა. მთავარი გამოწვევა, ალბათ, აპლიკაციის სწორად და მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად შევსება და მასში საკუთარ თავზე საქმიანად და საინტერესოდ საუბარი იყო. თავად პროცესი კი სასიამოვნო გამოდგა, რადგან ჩემთვის თვითრეფლექსიისა და საკუთარი მიზნების გადააზრების კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა.

 

რატომ CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამა

 

პირველ რიგში, CHEVENING-ი შესაძლებლობას მაძლევდა, მესწავლა დიდ ბრიტანეთში, ჩემ მიერ შერჩეულიპოლიტიკური ეკონომიის მიმართულებით, საკმაოდ ნიშურ და გამორჩეულ პროგრამაზე, რომელსაც სხვაქვეყანაში ვერ ვნახავდი. ალბათ, ეს იყო წამყვანი ფაქტორი.

 

თანაბრად გადამწყვეტი იყო ამ სასტიპენდიო პროგრამის სახელი და რეპუტაცია. აღნიშნულმა ფაქტორმაგამიძლიერა მასში მონაწილეობის სურვილი. მნიშვნელოვანი იყო CHEVENING-ის კურსდამთავრებულთამრავალრიცხოვანი და მდიდარი ქსელის წევრობის შესაძლებლობაც - პროგრამას დაარსებიდან დღემდემსოფლიოში 60 000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, რაც მნიშვნელოვანი რესურსია. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მოსახერხებელია ის, რომ სტიპენდია სრულად აფინანსებს დიდ ბრიტანეთში სწავლასთან დაცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს

 

სამომავლო გეგმები

 

სწავლის გასაგრძელებლად შევარჩიე ლონდონის კინგის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკურ ეკონომიაში. ეს არის ინტერდისციპლინური სამაგისტრო კურსი, რომელიც თანაბრად შეისწავლის პოლიტიკისა და ეკონომიკის თეორიას, უფრო მეტად კი ამ ორი მიმართულების ურთიერთქმედება და ერთმანეთზე ზეგავლენა აინტერესებს. ჩემი ფოკუსი მზარდი ბაზრების მქონე ქვეყნების გამოცდილების შესწავლაზე იქნება მიმართული, ანუ ისეთი ქვეყნების, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაიარეს განვითარების ის ეტაპი, რომელზეც ახლა საქართველოა. ამ მიმართულების შესწავლის საჭიროება ჩემმა პროფესიულმა გამოცდილებამ დამანახა. წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესს ვსწავლობ და ვაკვირდები. შედეგად, ვიფიქრე, რომ მეტი ისეთი პროფესიონალის არსებობა, რომელსაც კარგად ესმის მსგავსი კონტექსტის მქონე ქვეყნების გამოცდილება, აქაურ ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარების პროცესს დაეხმარებოდა. 

 

რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, მსურს, ჩემი რესურსი საქართველოს მოვახმარო. ვფიქრობ, გავაგრძელო საკონსულტაციო და კვლევითი საქმიანობა ეკონომიკური პოლიტიკისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით, რაშიც აქამდე ვიყავი ჩართული. იმედი მაქვს, მექნება ამის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ლექტორი და ლექტორის ასისტენტი ვარ თავისუფალ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET-ში). მსურს, მიღებული აკადემიური გამოცდილებით სწავლებაში მეტი ინვესტიცია ჩავდო. სტუდენტებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა საკუთარ თავზეც და ჩემს საქმიანობაზეც. ამდენად, გამიხარდება, თუკი სამომავლოდ ამ მიმართულებითაც სასარგებლო ვიქნები.

 

რჩევები მომავალ სტიპენდიატებს

 

მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაიაზროთ თქვენი ისტორია - საიდან მოდიხართ, რა გამოცდილება გაქვთ და როგორ უკავშირდება ის იმ პროგრამებს, რომლებიც CHEVENING-ის ფარგლებში შეარჩიეთ. ასევე, ალბათ, მნიშვნელოვანია ნათლად გესმოდეთ, რა პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა შეგიძლიათ თქვენს ქვეყანაზე/საზოგადოებაზე სწავლის დასრულების შემდეგ. აქვე, ჩემი გამოცდილებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს სერიოზულად მიუდგეთ. ალბათ, მოგისმენიათ სხვებისგან, რომ წინა ღამეს შეავსეს აპლიკაცია და გაიმარჯვეს, ან არ აპირებდნენ ცდას და კრიტიკულად ხანმოკლე დროში გადაწყვიტეს განაცხადის გაგზავნა. ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა, მე მგონია, რომ წარმატების შანსი გაიზრდება, თუკი სისტემურად გაიაზრებთ იმას, თუ რისი მიღწევა გსურთ CHEVENING-ში გამარჯვების შედეგად, კარგად დაამუშავებთ თქვენს ესეებს და ბრიტანულ უნივერსიტეტებს გონივრულად შეარჩევთ. მგონი, ყველგან ეს წერია, მაგრამ dream big - არ შეგეშინდეთ ისეთი მიზნების დასახვის, რომლებიც ახლა თქვენზე დიდად მოჩანს. 

 

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

 

შეგახსენებთ, რომ CHEVENING-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გარდა, მგზავრობის, ცხოვრებისა და ვიზის ხარჯებიც უფინანსდებათ.

 

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები