დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა - სებ

აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა - სებ

04-05-2023 14:53:23

აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა, -ამის შესახებ საქართელოს ეროვნული ბანკის აპრილის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

„2023 წლის აპრილში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და 2.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.7%-ით შემცირდა. საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს.

საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს.

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ფასებმა 2.2%-ით მოიკლო, რამაც თვის ინფლაცია 0.7 პპ-ით შეამცირა.

კერძოდ, წინა თვესთან შედარებით სურსათის ჯგუფის ინფლაციის კლება მეტწილად მზესუმზირის ზეთის, იმერული ყველისა და პურის ფასების შემცირებამ განაპირობა. ამასთანავე იკლებს საწვავის ფასებიც. ბენზინის და დიზელის, შესაბამისად, 4.1% და 6.2%-ით გაიაფებამ ჯამურად თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა.

საპირისპიროდ, ძროხის ხორცის, ხახვის, საბანკო მომსახურებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.3 პპ-ით გაზარდა. 

აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა.

ამავდროულად სურსათის ინფლაციაც ეტაპობრივად მცირდება და მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კლებადია. ბოლო თვეებში საწვავის (ბენზინი, დიზელი და გაზის საწვავი) თანდათან გაიაფების ფონზე, საწვავის წვლილი ინფლაციაში უარყოფითი გახდა და აპრილში ამ მაჩვენებელმა -2.0 პპ შეადგინა.

ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფებამ წლიური ინფლაცია 1.2 პპ-ით შეამცირა. აპრილში, სურსათის ფასები წინა წელთან შედარებით 5.8%-ით არის გაზრდილი, რამაც მთლიან ინფლაციაში 1.8 პპ-იანი წვლილი შეიტანა.

სურსათის ინფლაცია მეტწილად ხორცზე, კარტოფილზე და ყველზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება.

მიუხედავად ბოლო პერიოდში პურის გაიფასებისა წლიურ ინფლაციაში მისი კონტრიბუცია კვლავ დადებითია და 0.3 პპ-ს შეადგენს. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს შემცირდა და 4.7% შეადგინა.

სებ-ის მიმოხილვის თანახმად, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს.

ბოლო თვეებში იმპორტულ ინფლაციას მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. აპრილში იმპორტირებული საქონლის წლიური 6.4%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა.

დაახლოებით ასეთივე დინამიკას აქვს შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასებს, რომელთა დეფლაცია აპრილში 2.4%-ს გაუტოლდა.

ჯერ ისევ მაღალია, თუმცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ წინა თვესთან შედარებით, ძირითადად სურსათის ხარჯზე, 1.4 პპ-ით მოიკლო და 10.6% შეადგინა. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ზოგიერთი ადგილობრივად ნაწარმოები სურსათის (პირველ რიგში პური, ყველი, ხორცი) და მომსახურების წლიურ გაძვირებას (10.8%) უკავშირდება.

თავის მხრივ, მომსახურების მაღალი ინფლაცია დიდწილად უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით შეიძლება აიხსნას. აქედან ყველაზე გამოსარჩევი, ბინის ქირაა, რომლის წვლილი მომსახურების ინფლაციაში 2.3 პპ-ია“, - ნათქვამია ანგარიშში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები