აქტიური სეზონი მიმდინარეობს და ყველა კურორტი დატვირთულია, განსაკუთრებით მინდა გამოვყო გუდაური და ბაკურიანი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული გამოწვევები თოვლის საფართან დაკავშირებით დრო და დრო არსებობს, თუმცა ხელოვნური გათოვლიანების სისტემებით ყველაფერი გვარდება.
„გარკვეული გამოწვევები თოვლის საფარის მიმართულებით არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად დიდი აქტივობაა. ბევრ ვიზიტორს ვმასპინძლობთ. ამინდს ვერ ვაკონტროლებთ, თუმცა გარკვეულ კურორტებზე ამინდი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხელოვნური გათოვლიანება ვაწარმოოთ და ამით გარკვეულ ტრასებზე თოვლის საფარი ვაკონტროლოთ“, - აღნიშნა ირაკლი ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ამ მხრივ საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა ბაკურიანში.
„ბაკურიანს გამოვყოფდი იმიტომ, რომ უნიკალური ინფრასტრუქტურა შეიქმნა ბაკურიანში. განსაკუთრებით ეს მოხდა 2023 წლის ჩემპიონატისთვის. ჩვენ განვახორციელეთ საკმაოდ დიდი პროექტები ინფრასტრუქტურულ ნაწილში და რომელიც დღეს პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც არის უნალექობის გამოწვეული და სხვა გამოწვევები“, - აცხადებს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორი.
თუმცა სააგენტო არსებული მიღწევებით არ კმაყოფილდება და კურორტებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს.
„ჩვენ ინტენსიურად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის ნაწილში განვითარებას. განსაკუთრებით 2022-2023 წლები იყო სწორედ ბაკურიანის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 300 მლნ-მდე დაიხარჯა და ჩვენ შევქმენით უნიკალური გათოვლიანების სისტემა, რომელიც 30 კმ-მდეა. ასევე ორი ტბა, რომელიც ემსახურება სწორედ გათოვლიანების სისტემის და თოვლის წარმოებას. ასევე 3 საბაგირო კომპლექსი, რომელიც ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება ვიზიტორებს, ასევე მსოფლიო ჩემპიონატს მოემსახურა და დღემდე მსოფლიო თასებს და ვიზიტორებს, ასე ვთქვათ რეკრეაციას ემსახურება“, - ამბობს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორი.
უახლესი
8 საათის წინ
ევროზონაში უმუშევრობა 6,3%-მდე გაიზარდა10 საათის წინ
ლარი გამყარდა