დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი წლიდან ევროპული ბაზრიდან განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს - „ახალციხე ინნ“

ახალი წლიდან ევროპული ბაზრიდან განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს - „ახალციხე ინნ“

03-11-2023 12:00:00

„ინნ ჰოსფითალითის“ ქსელში შემავალი სასტუმრო „ახალციხე ინნ“ მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. მისი კონცეფცია აერთიანებს მესხეთის კულტურას, ისტორიას და ერწყმის თანამედროვეობას, რაც ასახულია შენობის ინტერიერის დიზაინში. 

„შიდა სივრცის გასაფორმებლად ვიყენებთ ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებს, მესხურ ორნამენტებს, რაც თანამედროვე არქიტექტურას ერწყმის. სივრცეში შეხვდებით 105 ნომერს. „ახალციხე ინნში“ განთავსებულია სპა, აუზი, ფიტნეს დარბაზი და საუნა. მომხმარებლებს ჩვენს სივრცეში შეუძლიათ, დაგეგმონ როგორც დასვენება, ასევე ფორმალური შეხვედრები", - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე, „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი Business Insider Georgia - თან.

ნინა გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ევროპული ბაზრიდან 2024 წლიდან განსაკუთრებული მოლოდინები აქვთ.

„ამ ეტაპზე სასტუმროში მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ვემზადებით გახსნის ღონისძიებისთვის, რომელიც ნოემბერში გვაქვს დაგეგმილი.

ოფიციალური გახსნის შემდეგ ველით, რომ კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა. ტურისტულ ნაკადებს ველით როგორც უცხოეთიდან, ისე საქართველოდან. 2024 წლიდან განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს ევროპული ბაზრიდან. 

რაც შეეხება სერვისებს, საკმაოდ მრავალფეროვანია. კომპლექსის პირველ სართულზე რამდენიმე ბარი და რესტორანია.  სარესტორნე სივრცე გამორჩეულია ტრადიციული კერძებით, რომლებიც თანამედროვე ინტერპრეტაციით მზადდება.

რაც შეეხება სხვა სერვისებს, სასტუმროში მოსულ სტუმრებს გასართობი სივრცეები, ბარი, სპა, შიდა დახურული აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და საკონფერენციო სივრცეები დახვდებათ. ეზოში გათვალისწინებულია დიდი სივრცე პარკინგისთვის", - ამბობს „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი.

ნინა გაჩეჩილაძე ზამთრის სეზონთან დაკავშირებითაც დიდ იმედს ამყარებს და დასძენს, რომ საახალწლოდ შეკვეთების მიღება დაიწყო.

,,ამ ეტაპზე „ახალციხე ინნის“ მომხმარებელთა 70% უცხოელები არიან, ასევე გვყავს სტუმრები საქართველოს რეგიონებიდან. ამასთან, ზამთრის სეზონისთვის ტურისტების დიდ ნაკადს ველოდებით.

უკვე ვიღებთ ჯავშნებს ახალი წლისთვის. ახალციხე არის ძალიან მიმზიდველი პროდუქტი ტურისტებისთვის თავისი კონცეფციით, ისტორიით, კულტურით, განსაკუთრებით გასტრომონია, რომლის შესახებაც ნაკლებად არის ცნობილი.

შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბევრი ვისაუბროთ ამ თემებზე და რეგიონი თავისი ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებლით, გავხადოთ უფრო მეტად მიმზიდველი. ახალციხე არის საქართველოს გამორჩეული ისტორიული მხარე და ჩვენი დიდი სურვილია, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს გავუჩინოთ უფრო მეტი ინტერესი ამ ლოკაციის მიმართ", - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.

„ახალციხე ინნ“ ამ ეტაპზე ასაქმებს დაახლოებით 70-მდე ადამიანს, რაც მომდევნო სამი თვის განმავლობაში 30-40%-ით გაიზრდება.

სასტუმრო 105 ნომერს ფლობს. სასტუმროს სივრცეებში სხვადასხვა მომსახურების სივრცეა, შესაბამისად, პერსონალი რამდენიმე მიმართულებით არის დასაქმებული. 

როგორც ნინა გაჩეჩილაძე აღნიშნავს,  დასაქმებისას უპირატესობა ადგილობრივ კადრს ენიჭება. პირველ ეტაპზე, მათ უტარდებათ სპეციალურ ტრენინგები და მაღალ დონეზე გადამზადებულს კადრებს სხვადასხვა პოზიციაზე ასაქმებენ.

ცნობისთვის, სასტუმროების ქსელი „ინნ ჰოსფითალითი“  ბაზარზე ამ ეტაპზე ოთხი სასტუმროთი ოპერირებს: „ბაკურიანი ინნ“, „გუდაური ინნ“, „ახალციხე ინნ“ და „როიალ ინნ“.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები