2024 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისა და ბინადრობის უფლების მქონე პირების მოსალოდნელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა და მუდმივი ბინადრობის მოწმობის ელექტრონულ ბლანკებს შეიძენს, რისთვისაც 1 856 760 ევრო დაიხარჯება.
უფრო კონკრეტულად სააგენტო გამარტივებული შესყიდვით შეიძენს:
1) 450 000 ცალი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკი;
2) 22 500 ცალი დროებითი ბინადრობის მოწმობის ელექტრონული ბლანკი;
3) 1 500 ცალი მუდმივი ბინადრობის მოწმობის ელექტრონული ბლანკი.
როგორც შესყიდვების დოკუმენტაციაში წერია, პირადობის/ბინადრობის მოწმობის ბლანკებისა და მასზე საბეჭდი სისტემისთვის ერთი მიმწოდებლის არსებობა უზრუნველყოფს სისტემის კომპონენტების (საბეჭდი ტექნიკა, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, ხარისხის კონტროლის სისტემა და სხვა) და მოსაწოდებელი ბლანკების ერთმანეთთან სრულ თავსებადობას, რაც გამორიცხავს კომპონენტების შეუთავსებლობას, დამატებით მოსალოდნელ გაუმართლებელ დანახარჯებსა და ბლანკების პერსონალიზაციის პროცესის მაქსიმალურად შეუფერხებელ წარმართვას. ზემოაღნიშნულმა მიმწოდებელმა არსებული სისტემა და ბლანკები ინდივიდუალურად მოარგო სააგენტოს საჭიროებებს. ტექნოლოგიური განვითარებით გამოწვეული მსოფლიოში შექმნილი ჩიპების კრიზისიდან გამომდინარე, ბაზარზე შემოდის ტექნოლოგიებით გაუმჯობესებული ახალი თაობის ჩიპები და ძველი თაობის ჩიპები ნელ-ნელა ამოდის ხმარებიდან და აღარ იწარმოება/ან იწარმოება შეზღუდული რაოდენობით.
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია "Muehlbauer ID Services GmbH"-მა მოგვმართა წერილობით (იხ. დანართის სახით) ბლანკების ახალი ჩიპებით მოწოდების შესახებ, თუმცა მითითებული კომპონენტის ცვლილება არ გამოიწვევს საიდენტიფიკაციო მოწმობის ფუნქციონალების/შესაძლებლობების და პერსონალიზაციის პროცესის ცვლილებას. ახალ ჩიპებზე არ გადასვლის შემთხვევაში, არსებული სისტემის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფა უარყოფითად იმოქმედებს პირადობის ელექტრონული დოკუმენტების პერსონალიზაციის პროცესზე და შეუძლებელი გახდება მათი პერსონალიზაცია.
აღნიშნული შესყიდვა უნდა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისგან (კომპანია "Muehlbauer ID Services"), ვინაიდან სააგენტოსთვის მოწოდებული პერსონალიზაციის (საბეჭდი ტექნიკის) სისტემის არსებობის პირობებში შეუძლებელი იქნება განსხვავებული, ანუ სხვა მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ბლანკის შემდგომი პერსონალიზაცია (ექსპლუატაცია) შემდეგი გარემოებების გამო:
1) ვერ განხორციელდება ბლანკის ელექტრონული მატარებლის (ჩიპის) პერსონალიზაციის პროცესი, ვინაიდან სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შექმნილ ელექტრონულ მატარებელს გააჩნია ინდივიდუალური სტრუქტურა და პერსონალიზაციის პროცესი;
2) არ იმუშავებს ხარისხის კონტროლის სისტემა (ახალი მიმწოდებლის მიერ დამზადებული ბლანკის არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება ხარისხის კონტროლის სისტემის გადაკეთების ხარჯები, რომელიც უკავშირდება არსებული ხარისხის კონტროლის სისტემის კონფიგურაციის მნიშვნელოვან ცვლილებას).
მითითებული პროცესების ცვლილება ახალი მიმწოდებლისა და შესაბამისად არსებულისგან გარდაუვალად განსხვავებული შესყიდვის ობიექტის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება ზემოაღნიშნული პროცესების ცვლილება არსებული პერსონალიზაციის სისტემის ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებების განხორციელებაზე დამოკიდებულია დამატებითი მომსახურების შესყიდვა ისევ არსებული მიმწოდებლისგან (კომპანია „Muehlbauer ID Services”), რომელიც მოსალოდნელი ცვლილებების განხორციელებისთვის ითხოვს არა მარტო არსებული პროგრამული უზრუნველყოფის გადაკეთებას, არამედ სისტემის ტექნიკური მახასიათებლების ცვლილებასაც, ეს კი დამოკიდებულია მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაზე და ფინანსურ დანახარჯებზე (არსებული ბლანკის დიზაინის სპეციფიკურ, უსაფრთხო დიზაინის ფორმატში გადაყვანის ხარჯების გაწევა).
ახალი მიმწოდებლის შერჩევის შემთხვევაში, საჭიროა შემსყიდველის წარმომადგენლების ვიზიტი ბლანკის დამამზადებელ საწარმოში, რათა ორმხრივად შეთანხმდეს ბლანკის დიზაინი, რეინბოუფრინთინგი, უსაფრთხო ელემენტები, ახალი დამცავი ნიშნების დატანის წესი (სააგენტო მხრიდან ორი წარმომადგენლის ვიზიტის სავარაუდო ხარჯია 5000 ევრო), შესაქმნელი იქნება ბლანკის საბეჭდი შაბლონი (თავის მხრივ შაბლონის შექმნის ხარჯი მიმწოდებლის მხრიდან შეიტანება ბლანკის თვითღირებულებაში და აძვირებს მას), ახალი მიმწოდებლის არსებობა მოითხოვს დამატებით დამზადების ხარჯს, რომელიც არ არსებობს ძველი მიმწოდებლის შემთხვევაში.
შესაბამისად შემსყიდველის მხრიდან ბლანკების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში რეგისტრაციასა და დამატებით 1500 ცალი ნიმუშის შესყიდვას ახალი მიმწოდებლის შემთხვევაში, ასევე გასაწევია დამატებითი ხარჯი ახალი ბლანკის ვიზუალური პერსონალიზაციის მორგებისათვის. კერძოდ, არსებულ საბეჭდ პროგრამასა და ტექნიკას ესაჭიროება დამატებითი ინტეგრაციის ხარჯები, როგორც დამატებითი ადამიანური რესურსების, ასევე ახალი პროგრამული მოდულის შექმნისთვის (აღნიშნული შრომითი რესურსები და ხარჯები დამატებით გაღებულ უნდა იქნეს სააგენტოს მხრიდან და მოიცავს დაახლოებით სამი პროგრამისტის ერთი თვით მუშაობას, უკვე არსებულ მიმწოდებელთან დამატებითი მომსახურების შესყიდვას, რომელთა ხარჯის იდენტიფიცირება ამ ეტაპზე შეუძლებელია, ვინაიდან კონკრეტულ დავალებაზე მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს) პროგრამა „INCAPE“-ის მორგება (უკვე არსებული მიმწოდებლის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა) უნდა მოხდეს ახალი მიმწოდებლის ჩიპის პერსონალიზაციის ინტეგრაციისთვის, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოგვიწევს შევისყიდოთ დამატებითი მომსახურება უკვე არსებული უალტერნატივო მიმწოდებლისგან, კომპანია „Muehlbauer ID Services”-საგან (კონკრეტული დამატებითი ხარჯის იდენტიფიცირება ამ ეტაპზე შეუძლებელია, ვინაიდან კონკრეტულ დავალებაზე უნდა მოხდეს მოლაპარაკება).
ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკის ახალი მიმწოდებლის არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია დგას უკვე არსებული (შესყიდული) სისტემის ხარისხის გაუარესების და შესყიდვის ობიექტის (პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკის) შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობის საფრთხის წინაშე. როგორც ზემოთ აღინიშნა შესყიდვის ობიექტის ახალი მიმწოდებლის არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაძლოა ვერ დაძლიოს დასახული ამოცანები და მოუწიოს საგრძნობლად მეტი თანხის გაღება, რაც გვაძლევს საფუძველს 2024 წლის განმავლობაში საჭირო პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ბლანკები შევისყიდოთ კომპანია "Muehlbauer ID Services"-საგან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით, იმავე ფასად, რაც უკვე არსებობდა კომპანია "Muehlbauer ID Services"-თან 2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.
დამატებით აღსანიშნავია, რომ სააგენტოსა და კომპანია "Muehlbauer ID Services" შორის დღეის მდგომარეობით გაფორმებულია პერსონალიზაციის სისტემის (ტექნიკა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით) მომსახურების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება უზრუნველყოფს პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობის საბეჭდი სისტემის უხარვეზო მუშაობას ამავე კომპანიის მიერ მოწოდებული ბლანკების ბეჭდვის პროცესში, შესაბამისად იმავე მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ბლანკების შემთხვევაში მინიმუმამდე არის დაყვანილი, შეცდომების, ტექნიკური წუნისა და პერსონალიზაციის პროცესში გაუთვალისწინებელი შეფერხებების არსებობა“, - აღნიშნულია შესყიდვების საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
21 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა