დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი ეკონომიკური „ავტარკია“: რამდენიმე პრინციპული გლობალური ტენდენციისა და საყურადღებო მოლოდინის შესახებ   (მეორე ნაწილი)

ახალი ეკონომიკური „ავტარკია“: რამდენიმე პრინციპული გლობალური ტენდენციისა და საყურადღებო მოლოდინის შესახებ (მეორე ნაწილი)

18-11-2023 14:00:27

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

 

ეკონომიკური უსაფრთხოება თუ უსაფრთხოება ეკონომიკაში?

პოსტ-ცივი ომი გლობალიზაციის ტემპში არა მარტო სავაჭრო და საფინანსო კავშირების ფრაგმენტაციით, არამედ არსებული გეოპოლიტიკური წესწყობილების სტაბილურობისა და მდგრადობის საგრძნობი დაქვეითებით აისახება. პრინციპში, მედლის ეს ორი მხარე დღეს იმდენად ურთიერთგადახლართულია, რომ პოლიტიკაში მომხდარი რყევა უშუალოდ აირეკლება ეკონომიკაზე და პირიქით. ვთქვით ისიც, რომ ასეთი რყევების ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება (ამავე სტატიაში აღნიშნული კონკრეტული საშუალებების გაბათილებით) დაბალი და საშუალო შემოსავლის ეკონომიკის ქვეყნებზე ყველაზე აშკარად იკითხება. უკვე დამდგარი რეალობა ის არის, რომ უსაფრთხოების პოლიტიკა თუ პოლიტიკა უსაფრთხოებაში, პრაქტიკულად, ეკონომიკური სვლის უპირობოდ განმსაზღვრელი გახდა. სწორედ ასეთ „დაქვემდებარებაზეა“ აღმოცენებული თანამედროვე ეკონომიკური ნაციონალიზმი თუ ახალი ეკონომიკური ავტარკია – ამა თუ იმ ქვეყნის განცალკევებული ეკონომიკური და მეტწილად ჩაკეტილი პოლიტიკა.

არსებული ტენდენციებით და მაღალი რანგის საჯარო გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ, საქმე გვაქვს ისეთ ფენომენთან, როგორიცაა ახალი ტიპის ეკონომიკურად უსაფრთხო სახელმწიფო. ამ კუთხით ძალზე ნიშანდობლივია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეკ სალივანის 2023 წლის აპრილის სიტყვა. თავის გამოსვლაში მან თავისუფალი ბაზრისა და ეკონომიკური უსაფრთხოების წინააღმდეგობრივ კავშირზე ვრცლად ისაუბრა და მეტად საყურადღებო აქცენტები გააკეთა. კერძოდ, სალივანის აზრით, ღია ბაზარსა და მის მოთამაშეებზე ეკონომიკური პროცესების სრულმა და უკონტროლო დელეგირებამ:

(ა) დაასუსტა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოება; და რომ -

(ბ) გლობალურ ეკონომიკურ კავშირებში სრული დამოკიდებულებით სხვები ბოროტად სარგებლობენ თავიანთი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად; ისე როგორც -

(გ) ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციების მიერ ეკონომიკაში წარმოებულმა ლიბერალიზაციამ არა თუ ვერ შეძლო მიეღწია მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, არამედ განაპირობა ჩინეთის აღზევება და გლობალური მიწოდება-მომარაგების სისტემის კრიტიკულად მოწყვლადობა.

პრაქტიკულად, ასეთი აქცენტებით მივიღეთ „უსაფრთხოების“ ტრადიციული გაგების (რომელიც ომის, ტერორიზმისა და სხვათა პრევენციას გულისხმობდა) მნიშვნელოვანი განვრცობა, რის შედეგადაც უსაფრთხოება ახლა უკვე მოიცავს სურსათით მომარაგებას, ენერგეტიკულ თვითკმარობას, ინფლაციის მართვას, კლიმატურ ცვლილებებს და ა.შ.

მეტიც, არაერთ ფორუმსა თუ ეკონომიკური ალიანსის შეკრებაზე გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დასრულების შემდგომ რაღაც ხნით მოქმედი „ვაშინგტონის კონსენსუსი“ ე.წ. „ახალი ვაშინგტონის კონსენსუსით“ ჩანაცვლდა. სხვადასხვა წყაროში გავრცელებული შეხედულებებით, ხსენებული „კონსენსუსის“ განახლებული ვერსია გულისხმობს როგორც უარს  ბაზრის პრიორიტეტულობაზე უსაფრთხოებასთან შედარებით, ისებალანსის დაჭერას ამ ორს შორის. ეს თეორიული პარადიგმა რეალურად რთული წარმოსადგენია. მით უფრო რთულია მისი პრაქტიკაში აღსრულება, რაკი ეს „რისკებისაგან გათავისუფლებად“ (de-risking) მონათლული მიდგომა არსობრივად ისევეა ახალი, როგორც კარგად დავიწყებული ძველი - ეკონომიკური პროცესის სათანადოდ მართვა მისი მოწყვლადობის მაქსიმალური შემცირების გზით. სავარაუდოდ, ეს შედეგი, მათ შორის, საბაზრო პროცესებზე გონივრულ სახელმწიფო კონტროლსა და მართვაში აისახება, რომლის მაგალითებსაც ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებსა და აზიაში, თუნდაციაპონიაში, თვალნათლივ ვხედავთ.

აზრის შეჯამების მიზნით, ვიტყვით, რომ ეკონომიკური სისტემის უსაფრთხოება ერთიან და განუყოფელ, ე.წ. ჰოლისტურ მიდგომას ემყარება და მოიცავს სხვადასხვა სფეროებზე გამავალი ღონისძიებების ურთიერთშეწყობასა და სინერგიას. ჩვენი დროის გამოწვევების კომპლექსურობისფონზე ეს კიდევ უფრო კრიტიკულია. აქვე დავძენთ, რომ ბაზრის მოთამაშეებს, გლობალურ შოკებთან მისადაგებისა და მოქნილობის უნარების მიუხედავად, არა აქვთ მთავარი - გეოპოლიტიკური რისკების მართვის შესაძლებლობა, რომელიც, თანამედროვე პირობებში, პრაქტიკულად უალტერნატივოდ აქვს საერთაშორისო ურთიერთობათა ჯერ კიდევ დომინანტ სუბიექტს - სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა გაერთიანებას.

მოჭარბებული სასანქციო „მადა“: რისკი გლობალიზაციისათვის?

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა იკითხებოდეს შემოთავაზებული ფორმულირება, ეს ბოლო წლებია,სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით ერთი მეტად კონკრეტული პრობლემა წარმოიშვა. ვეცდებით მოკლედ ავხსნათ, თუ რა არის მისი არსი.

საქმე ისაა, რომ სანქციები, თითქოსდა, უნივერსალური საშუალება უსწორობის გადასალახად, დღეს, პრაქტიკულად, ხელაღებით გამოიყენება. მეტიც, სანქციების გამოყენებისადმი დაუოკებელმა ლტოლვამ „სასანქციო სამრეწველო ბაზა“ დაამკვიდრა, (აგრეთვე) თითქოსდა, სამიზნე სუბიექტის პოლიტიკისა და ქცევის გასწორებას სანქციათა მეტობა და სტრატეგიული გააზრების გარეშე ამოქმედება შველოდეს.

შედეგად, სანქცირების „დოზის გადაჭარბებამ“ არაერთი ქვეყანა (მათ შორის, საერთაშორისო სამართლის ხელმყოფი) იმგვარი საფინანსო სისტემების შექმნაზე დააფიქრა, რომლებიც მათ აშშ დოლარის დომინირებული საგადახდო არხების გვერდის ავლის საშუალებას მისცემს. ასეთ მცდელობებს, ცხადია, ისევ და ისევ გლობალიზაციის დასუსტებისაკენ მივყავართ.

ეკონომიკური იძულების პოლიტიკის დაწინაურებით, სანქციის, როგორც მყისიერი პასუხის, პოპულარიზაციამ და არაშერჩევითმა გამოყენებამ, ფაქტობრივად, მნიშვნელოვნად შეარყია გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების საფუძვლები. თავის მხრივ, სადამსჯელო ზომების ჭარბი და გაუაზრებელი პრაქტიკა ეკონომიკური ქცევის წესების გლობალურად ჰარმონიზაცია, უპირატესობას ანიჭებს „მე-ს“ და არა „ჩვენ-ს“, აქვეითებს ეკონომიკურ მედეგობას მზარდი გლობალური გამოწვევების პირისპირ.     

ჩვენთვის გასააზრებლად...

...წარმოვადგინეთ ეკონომიკური ტენდენციები მცირე ექსკურსი, მათ შორის, ცალკეული მოსაზრებებისა და შეფასების ჩართვით. დიახ, ქართული ეკონომიკა მეტად მცირეა და ეს სიმცირე მისი სწრაფი ზრდისათვის ალბათ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ დღევანდელ სამყაროში „სიმცირე“ არ ნიშნავს გარიყულობას და განზე, განცალკევებით ყოფნას. მეტიც, სწორედ რომ გლობალურად ეკონომიკური არხების ურთიერთკავშირმა (ფიზიკაში„ზიარჭურჭლის“ კანონისა არ იყოს) და გლობალური შოკების ფართოდ გადადინების ეფექტმა „დიდად“ და „მცირედ“ დაყოფა მეტად პირობითი გახადა, სულ მცირე, ეკონომიკაში მაინც.

ამიტომაც, აქტუალურია საჭიროება იმისა, რომ ქართული ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე მუდმივად თვალი გვეჭიროს მათი კრიტიკულად შეფასების მიზნით და ჩვენივე საკეთებლის „მშრალი რაციოთი“ განსაზღვრის განზრახვით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თავს მოვუყრით რამდენიმე (უკვე კარგად ნაცნობ) მოსაზრებას. აქვე დავთქვამთ, რომ ეს მხოლოდ „სამოყვარულო“ დონეზე ფიქრია და, ცხადია, მსგავს თემაზე მსჯელობისას პროფესიული წრეების წარმომადგენელთა კვალიფიციურ შეფასებას სულ სხვა ფასი და წონა აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მდგრადობისა და თვითკმარობის, მისი კონკურენტუნარიანობისა და რეალური ზრდის ხელშესაწყობად, უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ:

  • მოწინავე ეკონომიკებთან მეტი ხარისხით  ინტეგრირებაზე. ეს პრაქტიკულად ფასეული იქნებაჩვენი სავაჭრო და საფინანსო ნაკადის ხარისხობრივი გაუმჯობესებისათვის, ისე როგორც მოწინავე ტექნოლოგიებისა და ცოდნის ჩვენთან გადმოტანისა და დანერგვისათვის.
  • საექსპორტო  ბაზრის გაფართოებასა და დივერსიფიცირებაზე. ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე ჩამოკიდება ეკონომიკურად მოწყვლადობას ნიშნავს და ეროვნული უსაფრთხოების მხრივ სარისკოა; შესაბამისად, რაც მეტია „გასავლისა“ და „შემოსავლის“ წყარო, მით მეტია სივრცე და თავისუფლება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის. ეს ყოველივე, მათ შორის, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებსა და სავაჭრო გაერთიანებებს უკავშირდება.

მსოფლიოში მზარდი ეკონომიკური ნაციონალიზმის პირობებში ასევე უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ:

  • ინვესტიციების არა მხოლოდ რაოდენობრივ, არამედ თვისობრივ მხარეზე. თანამედროვე მსოფლიო და რეგიონალური საფრთხეების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, დაუშვებელია, ჩვენი ქვეყნისათვის სასურველად ნებისმიერი ინვესტიცია ჩაითვალოს. დროა, ვისწავლოთ მათი გარჩევა და გადარჩევა. ამ მიზნით, მიზანშეწონილად ვთვლით ინვესტიციების შემოწმების,მათი ე.წ. „სკრინინგის“ მექანიზმის კანონმდებლობით შემოღებას. დავძენთ იმასაც, რომ დღესდღეობით ამ საშუალებას არაერთი მოწინავე ეკონომიკური სისტემა მიმართავს.
  • ქვეყნის ინტელექტში საჭირო რესურსის დროულ მიმართვაზე. „ინტელექტუალური თვითკმარობის“ ამგვარად უზრუნველყოფის გარეშე, განწირული ვართ ვუყუროთ საქართველოდან ესოდენ ძვირფასი კადრების გადინებას და ასე ჩვენი კონკურენტუნარიანობისა და ზრდის პოტენციალის გამოშიგვნას ახლო მომავალში.

ზემოაღნიშნულის გარდა, პრაქტიკულ ღონისძიებებად მოვიაზრებდით:

  • საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინაში ვრცელი და გამოკვეთილი ადგილი უნდა დაეთმოს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხს. ასეთი საგანგებო ყურადღება, ისევ და ისევ, ამ სტატიაში ნახსენები „უსაფრთხოების“ თანამედროვე და მრავალმხრივი გაგებით არისნაკარნახევი. უნდა შევთანხმდეთ, რომ ეროვნული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ეკონომიკური ზომების ერთიანი კომპლექსის გარეშე, ვინაიდან სუსტს, ღარიბს და ხელგაწვდილს ამ სამყაროში ღირსეულ პარტნიორად არავინ მიიჩნევს და დაელაპარაკება.
  • ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულება უნდა გაძლიერდეს. ერთ-ერთ შესაძლო განვითარებად არც ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოს ცალკე შექმნას გამოვრიცხავდით ან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სისტემაში მის ინსტიტუციონალიზაციას.
  • სტრუქტურულ მიდგომაზე საუბრისას, აგრეთვე შესაძლო განხილვის საგნად აღვნიშნავდით საქართველოს მთავრობაში ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის პოსტის შემოღებას, შესაბამისი სამეურვეო არეალითა და ფუნქციებით.  
  • იქნება ეს ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოსა თუ ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის ეგიდით, ერთ-ერთ ძირეულ ამოცანად უნდა იქცეს ქართული ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართ რისკებისა და საფრთხეების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი. ეს პროცესი ობიექტური ფორმით ეკონომიკურ საფრთხეთა პერიოდულ დოკუმენტში აისახება (მსგავსად ევროკავშირში არსებული პრაქტიკისა). სხვა საჭირო საკითხებთან ერთად, დოკუმენტში შეფასდება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი რისკები, ისე როგორც მათი მინიმიზაციისა და მართვის სარეკომენდაციო ღონისძიებები.
  • დოქტრინულ მიდგომასთან ერთად, უნდა ვიმსჯელოთ ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კანონმდებლობის (ვთქვათ, საქართველოს „ეკონომიკური უსაფრთხოების აქტი“) მიზანშეწონილობაზე. ასეთ კანონმდებლობაზე მუშაობისას, მათ შორის, საგანგებოდ ყურადღება უნდა გამახვილდეს: (ა) კრიზისების დროს სამთავრობო უწყებების კოორდინაციაზე; (ბ) გლობალური თუ რეგიონალური მასშტაბის მიწოდება-მომარაგების ერთი სისტემიდან მეორეზე სწრაფ გადაწყობაზე, ისე როგორც ერთ რომელიმე სისტემაზე ჭარბი დამოკიდებულების შემცირებაზე; (გ) კრიტიკულ სექტორებში თანამედროვე ინოვაციების ხელშეწყობაზე.  

ვაცნობიერებთ, რომ ამ მხრივ სასაუბრო ბევრია და კიდევ არაერთი საკვანძო ასპექტის აღნიშვნაა შესაძლებელი. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ყველა მათგანის რეალიზება ქვეყნის შიგნით ურთიერთობათა ნორმალიზების პირობებში თუ მოხდება. გავიმეორებთ უკვე არაერთგზის ნათქვამს: ქვეყანას არა აქვს არც „ფუფუნება“ და არც რესურსი, განაგრძოს ფუნქციონირება „პოლიტიკური დელეცობის“, ინსტიტუტებს მიღმა გასული პროცესის ფარგლებში, მხოლოდ სტატიკური,ძალაუფლების შენარჩუნებისა და მოპოვების მავნე იმპერატივზე კონცენტრირებით.

ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ელიტას, მათ, ვისაც ესმით, რომ ელიტარიზმი, უპირველესად, პასუხისმგებლობასთან, ღიაობასა და თვითკრიტიკასთან არის გაიგივებული, საშინაო და საგარეო ხაზის მერიტოკრატიით, ცოდნითა და ინფორმირებული გადაწყვეტილებებით გაჯერება მოეთხოვება. დღეს ქვეყნის წინაშე პრაქტიკულად უალტერნატივო ამოცანაა: საკუთარ ფუნქციონალურ კონკურენტუნარიანობაში, ქმედით უსაფრთხოებასა და ინკლუზიურ განვითარებაში ინვესტირება არსებულ „უწესრიგო წესრიგში“ ადგილის ხელახლა მოსაპოვებლად.          

იხილეთ ახალი ეკონომიკური „ავტარია“: რამდენიმე პრინციპულ გლობალურ ტენდენცისა და საყურადღებო მოლოდინის შესახებ  (პირველი ნაწილი):

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები