დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარაში ტურისტული სერვისის დონე ყოველწლიურად 10%-ით უმჯობესდება - თინათინ ზოიძე

აჭარაში ტურისტული სერვისის დონე ყოველწლიურად 10%-ით უმჯობესდება - თინათინ ზოიძე

07-06-2024 17:00:00

 

აჭარაში ტურისტული სერვისის დონე ყოველწლიურად 10%-ით უმჯობესდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ განუცხადა.

„სერვისის დონე კვლავ გამოწვევაა რეგიონსა და მთელ საქართველოში, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ წელს სერვისისა და ლოიალურობის კოეფიციენტი 10%-ით უმჯობესდება. ჩვენ ვატარებთ რამდენიმე სახის კვლევას, მათ შორის ვიკვლევთ ვიზიტორთა კმაყოფილებას, ხოლო ტურისტულ ობიექტებზე სერვისს ვაფასებთ „იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგიით. ეს კვლევები ტარდება 4-5 ეტაპად და ამის საფუძველზე ინფრასტრუქტურის, სერვისისა და ვიზიტორების თვალსაზრისით გაუმჯობესება გვაქვს ციფრებში“,- განაცხადა თინათინ ზოიძემ.

ამასთან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის დადებითი მოლოდინები აქვთ, რაც რეგიონში არსებული სტატისტიკური მონაცემებითაა გამოწვეული.

„2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჯამში აჭარის რეგიონში განხორციელდა 900 000-მდე ვიზიტი, რაც გულისხმობს ტურისტული ვიზიტების 11%-იან მატებას 2023 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 34%-იან მატებას 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ზრდა გვაქვს როგორც უცხოელი ტურისტების, ისე შიდა ვიზიტორების ნაწილში, რაც 12%ით მეტია 2023 ლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 27%-ით მეტი შიდა ვიზიტი განხორციელდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ასევე გაზრდილია ფრენების რაოდენობა აჭარის რეგიონში და 2024 წლის 5 თვის მონაცემებით 1027 საერთაშორისო ფრენა განხორციელდა, რაც 44%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 72%-იანი მატებაა 2019 წელთან შედარებით“, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.

რაც შეეხება მზადებას საზღვაო ტურისტული სეზონისთვის, თინათინ ზოიძის ინფორმაციით, როგორც ბათუმში, ისე მთიან მუნიციპალიტეტებში და საზღვაო ქალაქებში - ქობულეთში, სარფი-კვარიათის ტურისტულ ზონაში, განახლებულია საოჯახო ტიპისა და მაღალი კლასის სასტუმროები, დაემატა კვების ახალი ობიექტები, ბათუმში ინფრასტრუქტურა განახლდა ტურისტულ ლოკაციებზე.

„რამდენიმე დღის წინ გაიხსნა გმირა ხეივნის მთლიანი მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოეწყო სასეირნო ახალი ბილიკები, გამწვანება და ინფრასტრუქტურა. მთის ტურისტულ ბილიკებზე 25 მარკირებულ მარშრუტზე აქტიურად მიმდინარეობს საოჯახო ტიპის ტურისტული სახლების სერვისების გაუმჯობესება და ასევ უნდა აღინიშნოს რომ სექტორში დასაქმებული 1 000-ზე მეტი პირის გადამზადება მოხდა“, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები