ორგანიზაცია EY Georgia 2022 წლის სახელფასო და საკომპენსაციო კვლევიდან საინტერესო მონაცემებს ასაჯაროებს.
„როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, საცალო ვაჭრობის სექტორში თანამშრომელთა გადინების მაჩვენებელი 120%-ია.
„კოეფიციენტი მიუთითებს, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე წლის განმავლობაში შესაძლოა რამდენჯერმე შეიცვალოს თანამშრომელი.
ამის მთავარ მიზეზად კი გამოკითხულმა კომპანიებმა ორი ძირითადი მოტივი დაასახელეს:
ანაზღაურებით უკმაყოფილება (კომპანიების 80%) და/ან დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო გადაღლილობა (კომპანიების 80%).
უნდა აღინიშნოს, რომ დენადობის კოეფიციენტები სხვადასხვა სექტორში განსხვავებულია. ზოგადი ინდუსტრიის კვლევის შედეგების მიხედვით, დენადობის კოეფიციენტი 11%-ია (მედიანა) და დასაქმებულთა დიდი ნაწილი საკუთარი სურვილით ტოვებს კომპანიას“, - ნათქვამია კვლევაში.
ზოგადი ინდუსტრიის კვლევით გამოვლინდა ის 5 მიზეზი, რის გამოც გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების თანამშრომლები ყველაზე ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილს:
• ხელფასით უკმაყოფილება (50%);
• დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო გადაღლილობა (38%);
• პროფესიული სფეროს ცვლილება (38%);
• საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა (31%);
• სამუშაოს ხასიათი (31%);
EY Georgia-ს სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების 96%-მა 2022 წელს თანამშრომლებს ხელფასი 10%-ით (მედიანა) გაუზარდა. ზრდის დიაპაზონი 6%-დან 25%-მდე მერყეობდა და შეეხო ყველა კატეგორიისა და რანგის თანამშრომელს.
სახელფასო განაკვეთების გადახედვისას კომპანიების უმრავლესობა ითვალისწინებს საბაზრო მონაცემებსა (87%) და წლიური ინფლაციის დონეს (65%). ხელფასები ძირითადად ინდივიდუალურად ან თანამშრომლის საქმიანობის შეფასების საფუძველზე იცვლება, თუმცა რიგ შემთხვევებში კომპანიები ხელფასებს ყველა პოზიციაზე ერთიანადაც ცვლიან, ცალკეული თანამშრომლის საქმიანობის შედეგების შეფასების მიუხედავად.
რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, მიმდინარე წელს გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების 74% გეგმავს ხელფასების კვლავ 10%-იან (მედიანა) გაზრდას. კომპანიების ნაწილი კი გადაწყვეტილების მიღებას საბაზრო მონაცემებისა და წლიური ინფლაციის ფაქტობრივი დონის მიხედვით გეგმავს.
უახლესი
21 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა