დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
32 წლის განმავლობაში აშშ-მ საქართველოში $6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა - რობინ დანიგანი

32 წლის განმავლობაში აშშ-მ საქართველოში $6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა - რობინ დანიგანი

28-02-2024 14:28:00

32 წლის განმავლობაში აშშ-მ საქართველოში $6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა, დღეს, მედიის წარმომადგენლებს სასტუმრო „პარაგრაფში“ განუცხადა, სადაც USAID-ის ეგიდით, ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. 

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ, საქართველოს მთავრობასთან და პარტნიორებთან ერთად და აღვნიშნავთ USAID-ის მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას. ამ პროექტის მოცულობა იყო $27 მილიონი და დიდი როლი შეასრულა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში.

როდესაც ვსაუბრობთ აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის ხანგრძლივობაზე, ეს 32 წელს მოიცავს და ამ დროის მანძილზე აშშ-მ საქართველოსთვის დაახლოებით $6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. აი ასეთი პროექტები არის ნათელი მაგალითი ამ პარტნიორობის. აღნიშნულ პროექტის ფარგლებში შეიქმნა 6 ათასი სამუშაო ადგილი და გავლენა იქონია 100 ათასი ადამიანის ცხოვრებისა და სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა რობინ დენიგანმა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, რომელსაც CNFA  ხუთნახევარი წლის განმავლობაში ახორციელებდა და რომლის  ბიუჯეტი   26.88 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყო  სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას.  პროგრამამ  მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში დასაქმებასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებში შემოსავლების ზრდაზე, ასევე, გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვაზე.

პროგრამის ფარგლებში გაიცა 131 გრანტი, 7.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რამაც განაპირობა 20.1 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კერძო ინვესტიციების მოზიდვა; შეიქმნა 6,160 სამუშაო ადგილი; საწარმოების გაყიდვები გაიზარდა 148 მილიონ აშშ დოლარით, მათ შორის, საექსპორტო გაყიდვებმა შეადგინა 56.5 მილიონი აშშ დოლარი; ტექნიკური დახმარება გაეწია მინიმუმ 480 ბენეფიციარს; 1054 სასოფლო-სამეურნეო საწარმომ გააუმჯობესა მართვის პრაქტიკა ან ტექნოლოგიები; 71 საწარმომ დანერგა სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემები და  მიიღო შესაბამისი სერტიფიკატები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები