2024 წლის 3 იანვრიდან დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, იმ მონაწილეების აქტივები, ვისაც 2023 წლის 7 სექტემბრამდე არ გაუკეთებიათ არჩევანი სასურველი საინვესტიციო პორტფელის შესახებ, ავტომატურად გადანაწილდებიან კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში.
იმ მონაწილეებს, ვისაც არჩევანი ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ 2024 წლის 3 იანვრიდან შეეძლებათ თავად აირჩიონ საინვესტიციო პორტფელი ვადის გარეშე.
არჩევნის განხორციელებიდან შეეძლებათ არჩევნის ცვლილება ყოველი 12 თვის გასვლის შემდეგ .
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სქემა 2028 წლის 1-ელ იანვრამდე იმოქმედებს, რის შემდეგაც მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები, აგრეთვე დაგროვებით საპენსიო სქემაში 2028 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ გაწევრებული მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება ასაკის შესაბამისად (40 წლამდე მონაწილეები დინამიკურ პორტფელში, 40-50 წლის მონაწილეები დაბალანსებულ პორტფელში ხოლო 50 წელზე მეტის მონაწილეები კონსერვატიულ პორტფელში).
2023 წლის აგვისტოდან საპენსიო სააგენტო 3 სხვადასხვა შემოსავლიანობისა და რისკიანობის მქონე პორტფელებს მართავს, ესენია კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური. ჯამურად საპენსიო აქტივების 80% საქართველოში, საბანკო დეპოზიტებსა და სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული, ხოლო თითქმის 20% ანუ 823.8 მილიონი ლარი, გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული. საპენსიო სააგენტო აქციების პორტფელს ETF-ების ანუ გაცვლითი სავაჭრო ფონდების საშუალებით ფლობს. სააგენტოს აქციების პორტფელი დივერსიფიცირებულია, მისი 45% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 24% განვითარებული აზიის ქვეყნებში, ხოლო 18% ევროპაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა