დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
29 აპრილს ვეტერინარები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ

29 აპრილს ვეტერინარები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ

29-04-2023 10:19:24

სურსათის ეროვნული სააგენტოს  ორგანიზებითა და USDA-SQIL „ინვესტირება უვნებელ და  ხარისხიან მესაქონლეობაში" პროექტის მხარდაჭერით, ვეტერინარიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართა. მონაწილეებმა დარგში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. 

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, შემოსავლების სამსახურის, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო სექტორის,  საერთაშორისო ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ვეტერინარი სტუდენტები ესწრებოდნენ.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ მიმართა.

„ვეტერინარებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ვეტერინარის პროფესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მათ, ყოველდღიური საქმიანობით, უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ყოველწლიურად მასშტაბურ სამუშაოს ატარებენ იმისათვის, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი იყოს უვნებელი და კონკურენტუნარიანი", - აღნიშნა კახა კაკაბაძემ.

კონფერენციას დაესწრო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელმაც ყურადღება მოსალოდნელი რეფორმების პროცესში კვალიფიციური ვეტერინარების როლზე გაამახვილა.

„სწორედ ახლა მუშაობს საქართველოს პარლამენტი შინაურ-ბინადარ ცხოველთა კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სამომავლოდ თითოეულ რეგიონში, თითოეულ მუნიციპალიტეტში, შეიქმნას თავშესაფრები და თითოეულ მათგანს ჰყავდეს კვალიფიციური ვეტერინარი. შესაბამისად, დამსახურება იმ ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში ამ დარგს ავითარებენ, მუშაობენ, არის ძალიან დიდი და, ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ ეს პროფესია კიდევ უფრო დაფასდება სწორედ იმ რეფორმების პარალელურად, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს", - აღნიშნა მაია ბითაძემ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება და  მსოფლიოს  სხვა ქვეყნებთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს.  ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი დარგის განვითარებასა და პროფესიის პოპულარიზაციას", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

„ვეტერინარების საქმიანობა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია ცხოველური წარმოშობის უვნებელი სურსათის წარმოების კუთხით. USDA-SQIL პროექტი წარმატებით თანამშრომლობს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი  ვეტერინარების  როლს  ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში", - აღნიშნა USDA-SQIL პროექტის დირექტორმა, ალექს სამელმა.

ქართველ ვეტერინარებს ონლაინ ფორმატში პროფესიული დღე მიულოცა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა წარმომადგენელმა ბუდიმირ პლავჩიჩმა.

სამუშაო ფორმატში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ვეტერინარიის როლი ქვეყანაში  ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფასა და აგრარული სექტორის განვითარებაში"; „სხვდასხვა სფეროში არსებული ვეტერინარული აქტივობები". გაიმართა ვეტერინარების დაჯილდოება სხვდასხვა ნომინაციაში.

ვეტერინარიის მსოფლიო დღე, მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციისა და ცხოველთა ჯანდაცვის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება და მისი მიზანია პროფესიის პოპულარიზაცია. წლევანდელი გზავნილია: „მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიურობის წახალისება ვეტერინარის პროფესიაში".

USDA-SQIL პროექტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები