Business Insider Georgia-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ 2023 წელს ტურიზმის სექტორში მზარდი სტატისტიკა ინდუსტრიის მოთამაშეების კეთილდღეობაზე მიუთითებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ როგორი იყო ტურისტების დინამიკა სეზონების მიხედვით.
„2023 წელს ტურიზმის სექტორში მზარდი სტატისტიკა კერძო ბიზნესის კეთილდღეობაზე მიუთითებს. თუმცა, უფრო მეტად უნდა გაკეთდეს აქცენტი ქვეყანაში ტურიზმის ზრდის პოტენციალზე, ახალი პროდუქტების შექმნასა და შეთავაზებების მრავალფეროვნებაზე. ის მონაცემები, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული, დადებითია ზრდის ნაწილში.
ამიტომ 2024 წელს მეტი ყურადღება გამახვილდება მარკეტინგულ აქტივობებზე, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო ბიზნესების მხრიდან, რათა ტურიზმის სტატისტიკა ციფრებში კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ბიზნესისა და იმ სუბიექტების შემოსავალზე ვინც ტურიზმის ინდუსტრიაშია ჩართული.
უფრო მეტად უნდა გაკეთდეს აქცენტი ქვეყანაში ტურიზმის ზრდის პოტენციალზე, ახალი პროდუქტების შექმნასა და შეთავაზებების მრავალფეროვნებაზე“, - ამბობს ნატა კვაჭანტირაძე.
რაც შეეხება 2023 წელის მოლოდინებს, თუ რატომ ვერ გაუტოლდა ტურიზმის სტატისტიკა 2019 წლის მონაცემებს, ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
კერძოდ, ნატა კვაჭანტირაძის თქმით, საქართველო ჯერ კიდევ რჩება გეოპოლიტიკურად იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელზეც ახდენს გავლენას ის ეფექტები, რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება.
„ეს გავლენა მკვეთრად არის გამოხატული, თუმცა ქვეყანა ცდილობს პოზიციონირებდეს, როგორც უსაფრთხო სახელმწიფო, რომელიც ტურისტების მოგზაურობისთვის შესაფერისია. ამას დაემატა სამწუხაროდ, შემოდგომაზე განვითარებული მოვლენები ისრაელი-პალესტინის ჭრილში და თავისთავად სტატისტიკაზე ამასაც ჰქონდა ნეგატიური გავლენა.
ცნობილია, რომ მანამდე ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩეოდნენ სტატისტიკურ მონაცემებში, ესკალაციის განვითარების შემდეგ კი სხვა სურათი გამოიკვეთა“, - ამბობს ნატა კვაჭანტირაძე.
რაც შეეხება 2024 წელს, თუ როგორია მოლოდინები იანვარ-თებერვალში ტურისტული ნაკადების აქტივობის ფონზე, ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზოგადად ზამთრის პირველი ორი თვე ტურისტების დინამიკის კუთხით დაბალი აქტივობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული.
„მნიშვნელოვანია, ტურისტული ნაკადების დაბალანსების ჭრილში, ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილი უნდა იყოს არა მხოლოდ მაღალი ტურისტული სეზონის პერიოდში, არამედ ერთნაირად აქტივობა უნდა იყოს ყველა სეზონზე. ვიმედოვნებ, რომ 2024 წელს გაჩნდება საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ საქართველოს რეგიონები საერთაშორისო ბაზრებზე და სწორად მივაწოდოთ ის შესაძლებლობები, რაც შექმნილია იქ ტურიზმთან დაკავშირებით“, - ამბობს ნატა კვაჭანტირაძე.
უახლესი