ეკონომიკის სამინისტრო, ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
„ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუკი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თანმდევი პირობა ეს არის, არსებობდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორქვეყანას შორის.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები საქართველოსა და ამერიკას შორის ერთი მხრივ ცხადია, რომ უმნიშვნელოვანესია, თუმცა მეორე მხრივ ამას აქვს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა. პირდაპირ რეისებს აქვს უდიდესი სტიმული გააძლიეროს ორქვეყანას შორის ხალხთაშორის კავშირი, უფრო მეტად გააძლიეროს ბიზნესების ურთიერთობა.
ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ. ჩვენ ასევე ვუყურებთ მგზავრთა ნაკადს და შემიძლია ვთქვა, რომ 2023 წელს საკმაოდ შთამბეჭდავი მგზავრთა ნაკადი იყო საქართველოსა და ამერიკას შორის. 75 ათასზე მეტი მგზავრი იყო, რაც არის ნამდვილად იმის საფუძველი, რომ ჩვენ ვთქვათ - კომერციულადაც საინტერესო ვიყოთ ამერიკული ავიაკომპანიებისთვის. ასევე, ტურისტული ვიზიტები მზარდია ამერიკიდან.“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
უახლესი