„2022 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რა თქმა უნდა, აისახა დასაქმების და ნომინალური საშუალო თვიური ხელფასის გაუმჯობესებაზე" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2022 წლის პირველი კვარტლიდან დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2022 წლის განმავლობაში, ყველა კვარტალში ფიქსირდებოდა საშუალო თვიური ხელფასის ზრდა, თუმცა, ამ კუთხით გამორჩეულია 2022 წლის მეოთხე კვარტალი, როცა ხელფასების 21 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და საშუალო ხელფასმა 1773 ლარი შეადგინა.
„განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ რეალური ხელფასის ზრდა, ინფლაციის ეფექტის გამორიცხვით, დაახლოებით 10 პროცენტია, რაც, შესაბამისად, მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ იზრდება მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი და მათი მსყიდველუნარიანობა" - განაცხადა ცინცაძემ.
მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და შესაბამისად, ის ტენდენციები, რაც ეკონომიკაში ფიქსირდება, პოზიტიურად აისახება თითოეულ მოქალაქეზე.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა