2012 წლიდან დადგა ის პერიოდი, როდესაც ჩვენ, ბიზნესმენებს მოგვეცა საშუალება წყნარად ვაკეთოთ საქმე, სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე დადგა სწორი განაჩენიც, რაც სამართლიანობის აღდგენაა, - ასე აფასებს “VR ჰოლდინგის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ბიზნესის იძულებით დათმობაზე და უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ის დაზარალებულად ცნო.
„დღეისთვის ვარ გამარჯვებული და ბედნიერი, თუმცა ძალიან მძიმე გზა გავიარე. ის ადამიანები, რომლებიც უშუალო ხელმძღვანელები იყვნენ სოდის, ამ ყაჩაღური დაჯგუფების, სამმართველოს უფროსები და რიგი თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ კონკრეტულად ჩემს სპეცოპერაციაში, ყველა თავისი ფეხით მიბრძანდა პროკურატურაში და აღიარეს დანაშაული. მათ თქვეს, რომ ეს იყო ერეკლე კოდუასგან წამოსული დავალება და რომ მათ სხვანაირად არ შეეძლოთ. დავალება მათ შეასრულეს ხუთიანზე, მათ ნამორაძეების ოჯახი გაანადგურეს, მოსპეს. რამდენი წლით გამიშვეს საპყრობილეში ღმერთმა იცი. თუ გაქვს ბრძოლის უნარი და იბრძოლებ, შესაძლოა შედეგი დადგეს, ის შედეგი რაც დღეს დადგა: სააპელაციო სასამართლომ, ასევე პროკურატურამ მცნო მე დაზარალებულად და ის სიბინძურე, 2008 წლის ტალახი მთლიანად ჩამომრეცხა. დადგა სამართლიანი განაჩენი, რისი მადლიერებიც ვართ. რაც დიდი მონაპოვარია ჩვენი ოჯახისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი მეგობარი იმ ბიზნესმენებისთვის, რომელიც ასეთ დღეში ჩააგდეს. მას შემდეგ გავიდა 16 წელი და ვალდებული ვარ, რომ ეს ყველაფერი გავაჟღერო და იმ ბიზნესმენებს დავუჭირო მხარი, ვინც იმ პერიოდში ასე დაიჩაგრნენ. მადლიერი ვარ იმ 2012 წლის, როდესაც შეიცვალა დიქტატორული რეჟიმი. 2012 წლიდან დადგა ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ბიზნესმენებს მოგვეცა საშუალება წყნარად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე დადგა სწორი განაჩენიც, რაც სამართლიანობის აღდგენაა“, - განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.
ბიზნესმენის განმარტებით, მისი და მისი ოჯახის წევრების რეპრესიები 2008 წლის სექტემბერში დაიწყო, რასაც სოდის მაშინდელი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა.
„მინდა დავიწყო ისტორია, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა ბიზნესმენმა. საქმე ეხება ჩემი ოჯახის გარშემო მომხდარ ამბავს, რომელიც 2008 წლის სექტემბერს გადაგვხდა თავს. ეს არის ის ავბედითი პერიოდი და ქვეყნის „სანატრელი და საუცხოო განვითარება“, რომელიც 2003-2012 წლებში გრძელდებოდა და ის „ბედნიერი დღეები“, როგორც დღეს გვეუბნებიან, სადაც „სულ წამატება და წინსვლა იყო“, „სულ აღორძინება იყო“ და ჩვენი ქვეყანა სულ წინ და წინ მიიწევდა. მაგრამ რის ხარჯზე და რამდენი ოჯახის უბედურების ხარჯზე გადაიარა ამ ყველაფერმა, ესაა სწორედ საკითხავი.
ჩვენ სწორედ ის ერთ-ერთი ოჯახი ვართ, რომელსაც ეს განაჩენი გამოუტანა ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომის შემდგომ. მათ ჩვენს ოჯახზე განახორციელეს რეპრესიები, კონკრეტულად ჩვენს ბიზნესზე. მე 2005-2006 წლიდან დეველოპერული გახრით ვიყავი ჩართული სამშენებლო ბიზნესში. ამ პერიოდისთვის საკმაოდ კარგ წარმატებებსაც ვაღწევდით ჩვენი კომპანია ჩვენს გუნდთან ერთად. თუმცა როგორც მოგეხსენებათ იყო განსაკუთრებული მძიმე მიდგომა ბიზნესმენებისადმი, იყო რეპრესიები და მეც გამონაკლისი არ აღმოვჩნდი. იყო ასეთი ბანდიტური დანაყოფი, ყაჩაღების ეს იყო „სოდი“ და „სოდის“ ხელმძღვანელი იყო ვინმე ერეკლე კოდუა. ეს ის ადამიანია, რომელმაც არაერთი ოჯახი გაამწარა და გააუბედურა. ერთ-ერთი ოჯახი ვიყავით ჩვენც. 2008 წელს აღმოვჩნდი მისი ყურადღების არეალში, ეს ყურადღება მისი მხრიდან განხორციელებული და კონცენტრირებული იყო იმ მხრივ, რომ ვიყავი ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც ასევე წარმატებით უძღვებოდა მის საქმიანობას და როგორც სტანდარტულად ხდებოდა მათ გარკვეული რეპრესიები განიზრახეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, რაც განახორციელეს. ეს ოჯახი გამოირჩეოდა სხვადასხვა ბიზნესისადმი საკმაოდ მძიმე მიდგომით. და ძალიან მარტივი ხერხი ჰქონდათ.
მე არ ვარ ის პიროვნება, რომ მსგავს პირობებს და მოთხოვნებს დავემორჩილო. ეს ჩემი ცხოვრების წესია.
ხდებოდა ასეთი რაღაცა, აწიოკებდნენ ყველა ბიზნესმენს, თანხის მოთხოვნა იქნებოდა თუ ბიზნესების გადაფორმება. როდესაც წარმატებული ბიზნესმენი იყავი და გარკვეულ სიმაღლეებს აღწევდი, მიზანში ამოიღებდნენ და იწყებოდა მისი დამუშავება. მერე რამენაირად თუ შეძლებდნენ, რომ რაიმე საერთო ენა მოენახათ, ხომ კარგი და თუ არ დაემორჩილებოდი მთლიანი რეპრესიული მანქანა იწყებდა მუშაობას და ბიზნესმენებს წნეხში აქცევდა. ასე იწყებოდა ამ ბიზნესმენების საკმაოდ მძიმე ცხოვრება“, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ნოშრევან ნამორაძემ.
უახლესი
2 საათის წინ
Nano Filter-ი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს3 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“