ნაყინის მწარმოებელი „თოლია“ ზაფხულის სეზონზე კომპანიის საქმიანობას პოზიტიურად აფასებს.
როგოც Business Insider Georgia-სთან კომპანია „თოლიას“ მარკეტინგის დირექტორმა სანდრო ლომთაძემ განაცხადა, ზაფხულის სეზონზე გასულ წელთან შედარებით ნაყინის რეალიზაციის მაჩვენებელი 10%-ით გაზარდეს.
„ეს წელი კომპანიის საქმიანობაში წარმატებულია, რადგან გაყიდვების გეგმას მივყვებით. ზაფხულის სეზონზე ინდუსტრიული ნაყინის წარმოების კუთხით სიახლეები არ გვქონია, თუმცა გავხსენით კიდევ ორი სანაყინე და ამ დროისთვის 30 ობიექტით ვართ წარმოდგენილი“, - განაცხადა სანდრო ლომთაძემ.
სანაყინე „თოლიას“ ორი ძირითადი მიმართულება აქვს, ეს არის რბილი ნაყინი და სკუტის ნაყინი ე.წ ამოსაღები ნაყინი, ბურთები. სანაყინეში არის ასევე შეიკი, ცივი და ცხელი ყავა.
„იანვრიდან დავამატეთ დონატების მიმართულება. ამ ეტაპზე 9 სახეობის დონატი გვაქვს“, - აღნიშნა სანდრო ლომთაძე.
შეგახსენებთ, რომ „თოლია“ ქართულ ბაზარზე 27 წელია ოპერირებს და ლიდერ პოზიციაზეა - ბაზრის 57% უჭირავს. კომპანია 58 დასახელების ნაყინს უშვებს. რაც შეეხება სანაყინე ხაზს, საქართველოს მასშტაბით „თოლიას“ 30 სანაყინე აქვს.
უახლესი
25 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა