დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ დააფინანსებს შავი ზღვის კაბელის პროექტს - ლაშა ხუციშვილის განმარტება

ვინ დააფინანსებს შავი ზღვის კაბელის პროექტს - ლაშა ხუციშვილის განმარტება

29-09-2023 15:28:59

აისახება თუ არა 2024 ბიუჯეტში შავი ზღვის კაბელის პროექტის დაფინანსების წყარო, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ დაფინანსების რა მოდელზე შევთანხმდებით პარტნიორებთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. 

„შავი ზღვის კაბელის პროექტის დაფინანსების მიზნით, შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა ქვეყნების კონსორციუმი მარეგულირებლების მონაწილეობით და ამ კონსორციუმის დაფინანსების წყარო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გახდნენ და ამ შემთხვევაში მოხდეს პირდაპირ თანხით დაფინანსება. შესაძლებელია ეს არ იყოს ის მოდელი, რომელიც ითვალისწინებს თანხის ბიუჯეტიდან პირაპირ გადახდას, თუმცა ასეთი ცვლილებები ბიუჯეტშია ასახული იქნება და ამიტომ ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების როლი, მათ შორის ევროკავშირის, რადგან ამ პროექტის მეორე მხარეს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენენ და საქართველო ევროკავშირის ურთიერთობაში შავი ზღვის კაბელის პროექტი რამდენიმე წელია აღიარებულია, როგორც საფლაგმანო, პრიორიტეტულ პროექტად“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

მისივე თქმით, ბუნებრივია დაფინანსების ნაწილში წამყვანი როლი ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებს ექნებათ. „ძალიან ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ აღნიშნულ პროექტში ფინანსური მონაწილეობა მიიღონ. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმ ბიზნეს- მოდელზე, რომელსაც ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და იმ ქვეყნებთან შევთანხმდებით, რომლებიც ამ პროექტში მონაწილეობენ“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.    

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პრაქტიკულად არ დარჩა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც არ გამოეხატოს ინტერესი შავი ზღვის კაბელის პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე.

„ შავი ზღვის კაბელის პროექტის დაფინანსების მოდელი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა დასრულდება კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკისა და  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, კომპანია CESI-ი ახორციელებს. 

ამასთან, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2023 წლის ბოლოს დასრულდება. 

2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები