2024 წელს „ტირიფონის ბაღებში“ შედარებით მცირე მოსავალს ელოდებიან. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა განაცხადა, სეზონზე 1 250 ტონამდე ვაშლის მიღების პროგნოზი აქვთ.
„წინასწარი გათვლებით მიმდინარე სეზონზე 1200-1250 ტონა ვაშლის მოსავალს ველოდებით. ამის მიზეზია აგროგანათლებასთან ერთად თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობა. პრობლემების გადაჭრის საფუძველი არის მისი აღიარება და იმედი გაქვს, რომ სამომავლოდ ამ პრობლემებს აუცილებლად გადავჭრით. კითხვა არ გვეზარება.
შარშან 1 357,9 ტონა ვაშლი დავკრიფეთ და ადგილობრივ ბაზარზე გავყიდეთ, მხოლოდ ერთი ავტომობილი გავგზავნეთ ყაზახეთში“, - ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.
კომპანია ჯერჯერობით ექსპორტზე გასვლას და ზოგადად ამ მიმართულებით გააქტიურებას არ განიხილავს, რასაც კომპანიის დამფუძნებელი სხვადასხვა მიზეზებით ხსნის.
„ექსპორტზე მუშაობს არ ვაპირებთ.ექსპორტზე მუშაობას თავისი შემზღუდავი გარემოებები ახლავს, ესენია შეფუთვა, შეფუთვისთვის საჭირო ცოდნა, მასალები, შეფუთვის ტექნოლოგიის ათვისება, სატრანსპორტო ტექნოლოგიის დარწმუნება იმაში, რომ ჩვენი ვაშლი შეიძლება მართლაც გაიგზავნოს.
ჯერჯერობით საქართველოს ბაზარი ნეტო იმპორტიორია, მეტი შემოგვაქვს ვიდრე გაგვაქვს. ამიტომ, ჩვენს მოსავალს ისევ შევინახავთ და ადგილობრივ ბაზარზე გამოვიტანთ“, - ამბობს „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი.
დღეისთვის „ტირიფონის ბაღებში“ მოწეული პროდუქცია იყიდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე სასურსათო ბაზარში.
„ვთანამშრომლობთ ყველასთან ვისაც ჩვენი ხილის შეძენა სურს. ვთანამშრომლობთ როგორც ორგანიზებულ მყიდველებთან, ისე სავაჭრო სქელებთან და ასევე კერძო პირებთან, რომლებიც შემდგომ პროდუქციას ღია ბაზარზე ყიდიან“, - ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.
„ტირიფონის ბაღები“ დღეისათვის 31 ჰა ხეხილის ბაღს აერთიანებს, რომლის ნაწილიც სეტყვის საწინააღმდეგო ბადით არის გადახურული და საიდანაც 2,7 ჰა-ზე მსხალია გაშენებული, ხოლო დანარჩენზე ვალი. კომპანიას აქვს ასევე, 30 ჰა აუთვისებელი მიწა. მისი მფლობელი ხეხილის ბაღის ზრდას ფინანსების გამო ვერ ახერხებს.
„ბაღების მოცულობა არ გაგვიზრდია, რადგანაც საჭირო დაფინანსება არ გაქვს. ისევ 31 ჰა ბაღიდან ვაწარმოებთ ვაშლის აღებას, რაც ადრე გვქონდა.
ძალიან გვიჭირს საბრუნავი სახსრები. ჩვენ შეღავათიანი კრედიტით უკვე ვისარგებლეთ. შეღავათიან კრედიტს აქვს თავისი ვადა და ეს პერიოდი, რომ გავა ის ხდება ჩვეულებრივი კრედიტი. ჩვენი შეღავათიანი კრედიტის შეღავათის ვადა დასრულდა. ვესაუბრეთ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს, რომ თუ შესაძლებელია, რომ განიხილონ საბრუნავი სახსრებისთვის სუბსიდირებული სესხის აღება იყოს შესაძლებელი და გამოვიყენოთ მევაშლეობაში ისე როგორც მეხილეობაში გამოყვეს და მისცეს ასეთი შესაძლებლობა. როგორც კი გავიგეთ, რომ მაგისი შესაძლებლობა გაჩნდა წავედით და ჩვენც ვითხოვეთ, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ასე მარტივი არ არის ასეთი გადაწყვეტილების მიღება“, - ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.
„ტირიფონის ბაღები“ გორის რაიონის სოფელ კვარხეთში მდებარეობს. მეწარმე ასევე ფლობს სამაცივრე საცავს „ტირიფონის ხილს“. ტირიფონის ველზე, სადაც საწარმოა, საქართველოში სიძველით მეორე, სამი ათასი წლის სარწყავი სისტემაა, „ტირიფონის არხი“, აქედან აიღეს სახელიც, ხოლო ბრენდი „გორჯი“ დაარეგისტრირეს.
„ტირიფონის ბაღები“ საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ვაშლის კომპანიაა, რომელსაც Global G.A.P. სერტიფიცირება აქვს გავლილი. კომპანია 2017 წლიდან მოყოლებული უწყვეტად გადის სერტიფიცირებას. სამაცივრე საცავი ISO 22000:2018 სტანდარტის შესაბამისად არის სერტიფიცირებული.
უახლესი