სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან 2022 წელს 2021-თან შედარებით, საკვებ პროდუქტებზე კონტროლის 10 000-ით მეტი ფაქტი დაფიქსირდა.
სიხშირის მხრივ, ამ ტიპის დარღვევებს წინ უსწრებს სასურსათო ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენური და ეტიკეტირების წესებთან დაკავშირებული დარღვევები. ამის შესახებ Business Insider Georgia- ს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა ვასილ კვერნაძემ აცნობა.
„სახელმწიფო კონტროლი 2022 წელს განსაკუთრებით გავაძლიერეთ. სურსათის უვნებლობის კუთხით სააგენტომ 30 950 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების 4 251-მდე ოქმი შეივსო.
შედარებისთვის, 2021 წელს სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 21 125-ჯერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი 2 000-მდე შეივსო.
რაც შეეხება ძირითადი გამოვლენილ შეუსაბამობებს, გამოვლინდა ზოგადი ჰიგიენურ-სანიტარული წესების დაუცველობა, ასევე ეტიკეტირების წესების ხშირი დარღვევა და ვადაგასული პროდუქტის დახლებზე განთავსების ფაქტები“, - აცხადებს ვასილ კვერნაძე.
ცნობისთვის, სურსათის უვნებლობა გულისხმობს სურსათით გამოწვეული რისკებისგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ეს არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც კონკრეტული სასურსათო პროდუქტი მისი მიზნობრივად მომზადების ან/და მოხმარების შემთხვევაში ზიანს არ აყენებს მომხმარებელს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ნულოვანი რისკის მატარებელი სურსათი თითქმის არ არსებობს. ამდენად,
„უვნებელი სურსათი” ნიშნავს, რომ მასში პოტენციურად არსებული საფრთხეები მეცნიერულად დასაბუთებულ ზღვრულ ნორმებს აკმაყოფილებს და უარყოფითად არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
უახლესი