კომპანია „ომ ენერჯი საქართველოს“ პროფილია მზის ენერგეტიკის სექტორში ფართომასშტაბიანი პროექტების მშენებლობა. საქართველოში განხორციელებული გვაქვს 20 მეგავატზე მეტი წარმატებული პროექტი. გავედით სომხეთისა და უზბეკეთის ბაზრებზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი უბილავამ განუცხადა.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ვიდრე საქართველოში არ დაიწყება ფართომასშტაბიანი პროექტების მშენებლობა, ჯერ-ჯერობით ნეტო აღრიცხვის სადგურებზე მუშაობენ.
„ძირითადად ეს სეგმენტია ჩვენთვის საინტერესო. საცალო ბაზარზე ვხედავთ პოზიტიურ ზრდას. ჩვენ ცალკე ვაყალიბებთ სტრუქტურას, რომელიც უშუალოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე იქნება გათვლილი - ესაა მეურნეობები, სახლები და აგარაკები.
დღეს ჩვენი ფაქტობრივი ინსტალაციების 90% ადგილობრივ ბაზარზე მოდის კორპორაციულ სეგმენტზე, ხოლო 10% საცალოზე“, - განაცხადა ირაკლი უბილავამ.
„ომ ენერჯი საქართველოს“ საქმიანობის არეალია ამ ეტაპზე საქართველო-სომხეთია.
სომხეთში ჯამურად 80 მეგავატზე მეტი პროექტი აქვთ განხორციელებული. ასევე საქმიანობის გამოცდილება უზბეკეთში, სადაც სამი პროექტი დაასრულეს.
„ვხედავთ შესაძლებლობას, რომ მომავალი წლისთვის უზბეკეთშიც განვვითარდეთ და ამ ბაზარზეც უფრო გავაქტიურდეთ. ორი წელია ბაზარზე ვოპერირებთ და ფაქტობრივად ზრდა 100%-ს შეადგენს, შესაძლოა, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 200%-ზეც ავიდეს“, - განაცხადა კომპანიის მმართველმა პარტნიორმა.
რაც შეეხება დაგეგმილ სიახლეებს, კომპანია გეგმავს ბაზარზე დამატებით ფინანსური სერვისი ფინანსური ლიზინგი გამოიტანოს.
„ამ დროისთვის ვსწავლობთ ბაზარს რომელი სექტორები იქნება მიმზიდველი“, - განაცხადა ირაკლი უბილავამ.
„ომ ენერჯი საქართველო“ 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე როგორც მზის სადგურების ინტეგრატორი. კომპანია ახორციელებს მზის სადგურების მშენებლობა-მონტაჟსა და პროექტირებას.
უახლესი