უმალი • Umali ასორტიმენტის ზრდას და ნახევარფაბრიკატების წარმოებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან „უმალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი წვერავამ განაცხადა, კომპანია ნახევარფაბრიკატების დამატებას უკვე ზაფხულიდან გეგმავს, რისთვისაც ჯერ შესაბამისი დანადგარები და მაცივრებია შესაძენი. აღნიშნული პროექტის განხორციელება კი კომპანიას დაახლოებით 1 მლნ ლარი დაუჯდება.
„დღეს „უმალის“ პროდუქცია სუპერმარკეტების თითქმის ყველა ქსელშია წარმოდგენილი. ვგეგმავთ გაყინული სეგმენტის, ნახევარფაბრიკატების დამატებას“, - აცხადებს წვერავა.
აღსანიშნავია, რომ „უმალი“ წარმოებაში უკვე ადგილობრივ ნედლეულსაც აქტიურად იყენებს და როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, წარმოებაში 70% არის იმპორტირებული, ხოლო 30% კი ადგილობრივი, ძირითადად კალმახი.
ამ მიზნით კი „უმალი“ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საკალმახეებთან თანამშრომლობს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, „უმალის“ ასორტიმენტში არსებული ხიზილალა ძირითადად ადგილობრივი ნედლეულისგან არის დამზადებული.
„ქართული ნედლეულის წარმოებაში დამატება ნელ-ნელა განხორციელდა და ამით ადგილობრივ მწარმოებლებსაც ვეხმარებით“, - აცხადებს წვერავა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში თევზეულის მოხმარება პიკს მარხვის პერიოდში აღწევს, განსაკუთრებით კი თებერვალ-მარტში.
„უმალი“ თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში და 2024 წელს მისი გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„2024 წელს გაყიდვები დაახლოებით 60%-ით გაიზარდა, რაც იმან გამოიწვია, რომ ახალი შეფუთვებით, თანამედროვე აპარატურით ვუშვებთ პროდუქციას. გაყიდვების ზრდა ძირითადად ტურისტულ ზონებში და თბილისში დაფიქსირდა“ - მიიჩნევს დიმიტრი წვერავა.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - "უმალი" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს.
საწარმოს, მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ასევე ის, ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში.
უახლესი
8 საათის წინ
ჰენკელი - ექსკლუზიურად გორგიაში