დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„უმალი“ გაყიდვებს ზრდის და ბაზარზე ორ ახალ პროდუქტს გამოიტანს

„უმალი“ გაყიდვებს ზრდის და ბაზარზე ორ ახალ პროდუქტს გამოიტანს

04-11-2024 14:00:00

თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამმუშავებელი კომპანია „უმალის“ ბრენდის ქვეშ 4 ნოემბრიდან სავაჭრო ქსელებში ორი ახალი პროდუქტი გამოჩნდება.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა დიტო წვერავამ განუცხადა, საწარმოს გადაიარაღება უკვე დაასრულეს და ასორტიმენტში 42 პროდუქტი აქვთ.

„დავამონტაჟეთ ახალი აპარატურა, მოხდა საწარმოს გადაიარაღება და ახალი პროდუქტებიც შევქმენით. ეს არის თევზის ნაგეთსები ახალ შეფუთვაში და ორაგულის ფილეს პრესები. ამ დროისთვის ეტიკეტი მზადდება და სავაჭრო ქსელში პროდუქცია 4 ნოემბრიდან ჩაეშვება“, - აცხადებს დიტო წვერავა.  

მისი შეფასებით, კომპანიის ფართო ასორტიმენტიდან ყველაზე მოთხოვნადია ტოპ-5 პროდუქტი, მათ შორის  ქაშაყის ფილე მწვანილით, ქაშაყის ფილე ტრადიციულად ზეთში და ორაგულის სალათა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, გაყიდვები მზარდია. 

„გაყიდვები ზოგადად მზარდია. სტატისტიკურად გაყიდვები ყოველთვიურად საშუალოდ 10%-ით იზრდება, მაგრამ გასული წლის ოქტომბერთან შედარებით მიმდინარე წლის ანალოგიურ თვეში  გაყიდვები 30%-ითაა გაზრდილი“, - ამბობს დიტო წვერავა.

ნედლეულის 70%-ი, რასაც „უმალი“ წარმოებაში იყენებს, იმპორტირებულია. 

„თევზს ძირითადად ნორვეგიაში ვყიდულობთ. რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრიდან ნედლეულს, მოვიხმართ კალმახს და ორაგულს. გამომდინარე იქიდან, რომ შარშან საკალმახეებში გარკვეული პრობლემები იყო, გასულ წელს ადგილობრივი კალმახი ნაკლებად გამოვიყენეთ. 

შავ ზღვაში, საქართველოს აკვატორიაში დაჭერილ თევზს ფასიდან გამომდინარე ნაკლებად ვხმარობთ. ძირითადად შემოთავაზებაა ხამსაზე. სკუმბრია და ქაშაყი, რაზეც ჩვენი წარმოება მუშაობს, შავ ზღვაში ნაკლებად იჭერენ“, - აღნიშნა დიტო წვერავამ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები