დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უძრავი ქონების ქართული პროექტები FIABCI World  Prix d’Excellence დაჯილდოებაზე პირველად წარსდგებიან

უძრავი ქონების ქართული პროექტები FIABCI World Prix d’Excellence დაჯილდოებაზე პირველად წარსდგებიან

05-06-2023 19:03:33

 

 

5-9 ივნისს აშშ-ში, მაიამიში გაიმართება FIABCI-ის (უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია) რიგით 73-ე მსოფლიო კონგრესი. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, 8 ივნისს ჩატარდება FIABCI-ის უძრავი ქონების Prix d’Excellence გალა დაჯილდოება, სადაც ქართული პროექტები წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას და იბრძოლებენ მსოფლიო გამარჯვებულის სტატუსისთვის.

FIABCI-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს ქალბატონი სიუზან გრინფილდი, ორგანიზაციის მსოფლიო პრეზიდენტი. კონგრესის მასპინძელია MIAMI REALTORS.

კვირეულის საპატიო სპიკერია ჯებ ბუში, კალიფორნიის შტატის 43-ე გუბერნატორი.

„მშენებლობა მომავლისთვის“ თემატურ პანელებს 45-ზე მეტი მოწვეული საერთაშორისო გამომსვლელი წარუძღვება. სპეციალური მოწვევით მაიამის ღონისძიებას საქართველოდან დაესწრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, მისი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით. ქართულ მხარეს ასევე წარმოადგენენ წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული და უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიები.

„საქართველოს უძრავი ქონების სექტორი პირველად წარდგება სამშენებლო-დეველოპერული ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards! პირველად საქართველოდან და კავკასიის რეგიონიდან, FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022

უძრავი ქონების ოსკარები“ -ის ეროვნულ დონეზე გამარჯვებული მდგრადი და ინოვაციური დეველოპერული პროექტები მსოფლიო დაჯილდოებაზე - FIABCI World Prix d'Excellence Awards არიან წარდგენილები და იასპარეზებენ საერთაშორისო არენაზე,” - აღნიშნა FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა ლიკა ქარდავამ.

მისი თქმით, უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოება მუდმივ ხასიათს მიიღებს და საერთაშორისო კონფერენციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება:

„დიდი მადლობა საქართველოს ბანკს და ღონისძიების ყველა პარტნიორს ძლიერი მხარდაჭერისთვის.“

საქართველოდან FIABCI-ის უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოებაზე წელს წარმოდგენილნი არიან ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ 2022 წლის 28 ოქტომბერს Property Georgia-ს თანაორგანიზებით და ,,საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, გამართულ FIABCI-Georgia Prix d’Excellence დაჯილდოებაზე შეარჩია.

გამარჯვებულ პროექტებს FIABCI World Prix d’Excellence მსოფლიო დაჯილდოებაზე წარადგენენ წამყვანი ქართული სამშენებლო-დეველოპერული, საინჟინრო და არქიტექტურული კომპანიები. FIABCI-ის ქართულ ეროვნულ ოფისს მაიამიში წარადგენს ნუცა აბრამიშვილი, ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი და მომავალი პრეზიდენტი. ის ასევე გახლავთ ,,შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.

როგორც ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, FIABCI World Prix d’Excellence-ის დაჯილდოება საგრძნობლად გაზრდის ქართული უძრავი ქონების ცნობადობას საერთაშორისო საინვესტიციო ბაზრებზე: „ჩვენი ქვეყნის მონაწილეობით კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება რეგიონში საქართველოს როლი, ქვეყნის, რომელიც მიმზიდველი ადგილია უძრავ ქონებაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად. ეს არის ქვეყანა, სადაც ბიზნესის წარმოებისთვის შექმნილია გარემო ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, ლიბერალური საგადასახადო სისტემით, უსაფრთხო საინვესტიციო გარემოთი და რეგიონული ჰაბის მიმზიდველობით. აგრეთვე, გვაქვს უვიზო რეჟიმი 100-მდე ქვეყანასთან.“

„მნიშვნელოვანია, რომ მაიამიში საქართველო წარმოადგენს როგორც თბილისს ასევე, აჭარის რეგიონს და კახეთს. ეს კიდევ მეტად შეუწყობს ხელს უძრავი ქონების საერთაშორისო რუკაზე ქვეყნის პოზიციონირებას,“ - აღნიშნა ქეთი ტაბატაძემ, FIABCI-Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცნობისთვის, ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტებს, რომლებიც მაიამიში ივნისში დაგეგმილ FIABCI World Prix d’Excellence დაჯილდოებაში არ იღებენ მონაწილეობას, შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს სახელით მსოფლიო ასპარეზზე შემდეგ წელს წარდგნენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები