2024 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ქართული ავიაკომპანია TCA Airlines-ის სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიკა ქორთოშიძე აცხადებს, ივლისი, აგვისტო, და სექტემბერი ავიაკომპანიისთვის საკმაოდ დატვირთულია, რადგანაც ქვეყანაში სათავგადასავლო ტურიზმზე მოთხოვნა იზრდება.
„ავიაკომპანია TCA Airlines-ი 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ისევე როგორც 2023 წელს ჩვეული დატვირთვით და მოთხოვნით ასრულებდა ფრენებს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადი მაღალი
მოთხოვნის მაჩვენებელი ივლისი, აგვისტო, სექტემბრის თვეებში ფიქსირდება, როდესაც საქართველოში ჩარტერული ფრენებით სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარული დამკვეთები/ტურისტები ინტერესდებიან.
სასიხარულოა ის ფაქტი რომ, 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონთან შედარებით 2024 წელს მოთხოვნის 17%-იანი ზრდა ფიქსირდება. წინა წლებში ავიაკომპანიის ძირითადი დამკვეთები, საუბარია 70%-ზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ხოლო 30%-ი ადგილობრივი. დღეის მდგომარეობით კი ეს მაჩვენებელი გათანაბრებულია, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. უცხო ქვეყნიდან დამკვეთების დიდი ნაწილი უკრაინა და სომხეთის მოქალაქეები არიან“, - აცხადებს ლიკა ქორთოშიძე.
აღსანიშნავია, რომ TCA Airlines-ის მაგალითზე ძირითადი ფრენები და ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტი ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის განმავლობაში 2022 წლიდან თუშეთია, ხოლო შემდგომ უკვე თანაბარი მოთხოვნა ხევსურეთის, აჭარის, სვანეთის მიმართულებებზე.
„თუშეთის მიმართულებით, ამ ულამაზესი კუთხით დაინტერესება გამოწვეულია აქტიური
პოპულარიზაციით, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს საზოგადოებაში ბოლო რამდენიმე წელია და ყოველწლიურად მოთხოვნა რა თქმა უნდა ლოგიკური და მზარდია. თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის სირთულიდან და იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე რა უპირატესობაც აქვს შვეულმფრენს, დაზოგო
დრო რაც ყველაზე ძვირფასია, შეეხო ჯერ კიდევ ადამიანის მიერ ხელშეუხებელ ბუნებას, დაათვალიერო ციდან აბსოლუტურად განსხვავებული კუთხით ულამაზესი თუშეთი, თუნდაც 1 დღეში და დატკბე ისტორიული თუშური შენობა - ნაგებობებით იყო და არის ლოგიკური მოთხოვნის ზრდის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით“, - აცხადებს ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
თუშეთში მოგზაურობის გამარტივების მიზნით ავიაკომპანიამ შეკრული პაკეტების რეალიზაციაც დაიწყო, რომელიც ამ მიმართულებაზე ყველა ტურისტულად აქტიური მარშრუტის მონახულებას ითვალისწინებს.
„როგორც ცნობილია ჩვენ ძირითადად ვახორციელებდით ჩარტერული ტიპის ფრენებს დამკვეთის მიერ მოწოდებული მარშრუტის მიხედვით საქართველოს ნებისმიერი მიმართულებით. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაინტერესება წამოვიდა სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულების მხრიდან უკვე წინასწარ შედგენილი ტურების კუთხით და აქედან გამომდინარე ავიაკომპანიაში მივიღეთ გადაწყვეტილება და დამკვეთებს TCA Airlines უკვე სთავაზობს წინასწარ, ჩვენს მიერ, სპეციალურად შედგენილ, ყველაზე ტურისტულად მიმზიდველი მარშრუტის მიხედვით ტურებს თუშეთის და ხევსურეთის მიმართულებით. რომელიც მოიცავს ასევე ადგილობრივი სამზარეულოს მასტერკლასს -გამასპინძლებით.
თუშეთის ტური არის სხვადასხვა ლოკაციებით, მაგალითად: თელავი-ალაზნის სათავე-დართლო-ომალო-თუშური სამზარეულოს მასტერკლასი/გამასპინძლება-თელავი.
სრულად ტურის ღირებულება გახლავთ 5 მგზავრზე 2225$ ეკვივალენტი ლარში.
დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირია შემთხვევები დამკვეთი არის ერთი და ამ ღირებულებას იყოფს 5 მეგობარი.
ასევე, დამკვეთებს ვთავაზობთ წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით სხვადასხვა ლოკაციებით მოკლე შემოფრენით ტურებს კახეთის რეგიონში. მაგალითად: თელავი-ნეკრესი-გრემი-ყვარელი-თელავი, რომლის ფასიც არის 875 $ ეკვივალენტი ლარში, 1 მგზავრის შემთხვევაში ღირებულება არის სულ რაღაც 175$ ეკვივალენტი ლარში“, - განმარტავს ლიკა ქორთოშიძე.
დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია TCA Airlines-ის საჰაერო ფლოტი წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ ფლოტს. ის დაკომპლექტებულია უახლესი ფრანგული და იტალიური წარმოების შვეულმფრენებით.
„დამკვეთებს ვთავაზობთ, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის, ექსტრემალური ტურიზმის, ჩარტერულ, სამედიცინო-საევაკუაციო და არა გაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებას, ასევე სადღესასწაულო მიზნობრიობით შესრულებულ ფრენებს. ავიაკომპანიის ფლოტი დაკომპლექტებულია მაღალ კვალიფიციური საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებით.
ამ ეტაპზე საქართველოში არსებულ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს შვეულმფრენების ფლოტი, იმ შემთხვევაში თუ ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება, ავიაკომპანია აუცილებლად დაიწყებს ამ კუთხით მუშაობას“, - აცხადებს ლიკა ქორთოშიძე.
უახლესი
30 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა