ტურისტულ რეგიონებში, განსაკუთრებით აჭარასა და კახეთში, უძრავი ქონების ბაზარზე ადგილობრივ საბროკერო კომპანიებს უცხოურ ფირმებთან კონკურენცია უჭირთ.
როგორც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა მებაღიშვილი Business Insider Georgia- თან აცხადებს, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა, ადგილობრივი ბროკერების დისკრიმინაცია მოხდეს, რადგან მათი საქმიანობის არეალი ამ ეტაპზეც საგრძნობლად შეზღუდულია.
„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ბევრი რუსი, ბელორუსი და უკრაინელი მოქალაქე ჩამოვიდა და ცხოვრობს საქართველოში. მათ შეიძინეს უძრავი ქონება, შექმნეს საკუთარი საბროკერო კომპანიები და უკვე თვითონ ემსახურებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა.
ჩვენი ასოციაციის ბათუმის ოფისის წარმომადგენლებს ამ მხრივ გარკვეული პრობლემა შეექმნათ. უცხოელი ბროკერები ადგილობრივ მოქალაქეებზე არ ჰყიდიან ბინებს, რაც გრძელვადიან პერიოდში სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს, სექტორი და მოქალაქეებიც დისკრიმინირებული გახდებიან, ამის დიდი რისკია. ომია უკრაინაში და რეგიონში გეოპოლიტიკური ფონი დაძაბულია.
იქიდან გამომდინარე, რომ ტრანზაქციის განხორციელება მარტივია, უცხოელები აქტიურად ყიდულობენ და ყიდიან უძრავ ქონებას საქართველოში“, - ამბობს ვაჟა მებაღიშვილი.
რაც შეეხება გაყიდვებს, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, აქტიურობის მხრივ პირველ სამეულს თბილისი, აჭარა და კახეთი ინაწილებენ. ხოლო ბაზარზე ძირითადი მყიდველი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები და არაბები არიან.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემით, ბოლო წლებში უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული. ხოლო ქირის შემთხვევაში, ზრდა უფრო მასშტაბურია და მის გრძელვადიან ტრენდს დაახლოებით 30%-ით აღემატება.
უახლესი