კაფე-სანაყინეების ქსელ ,,ლუკა პოლარეში" ნაყინის მიმდინარე სეზონი დადებითად ფასდება. როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia-ს აცნობეს, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
განსაკუთრებით შავიზღვისპირეთის ლოკაციებზე, რის ტრენდიც სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება.
„მივყვებით ბიზნეს-გეგმას და მდგრად განვითარებას ვაგრძელებთ. წლევანდელი სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა. რეალიზაცია საკმაოდ აქტიურია, თუმცა ტურისტულ ლოკაციებში განსაკუთრებით მზარდი დინამიკაა. შავი ზღვისპირეთში, ბათუმში 4 ფილიალით ვართ წარმოდგენილი, ასევე ქობულეთში და ორივე მიმართულება აქტიურია. ჩვენი აქტიური მომხმარებლები არიან როგორც უცხოელი ტურისტები, ასევე ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც ზაფხული დღეებს საზღვაო კურორტებზე ატარებენ.
შავიზღვისპირეთის სანაპირო ზოლი განსაკუთრებით აგვისტოდან არის დატვირთული, რაც რეალიზაციაზეც საგრძნობ გავლენას მოახდენს სეზონის განმავლობაში“, - ამბობს ანი ციცქიშვილი, ,,ლუკა პოლარეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, „ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში 16 ფილიალით, ბათუმში - 5 , ქობულეთში - 1, ქუთაისში 1 და რუსთავში 1 ფილიალით.
ცნობილია, რომ ბრენდი ექსპორტზეც გადის. უახლოეს პერიოდში ,,ლუკა პოლარეს“ ფილიალი ბაქოში გაიხსნება.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა