დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წითელი ზღვის კრიზისის გამო, SKYLOG-ი ჩინეთიდან სარკინიგზო გადაზიდვებს ანახლებს

წითელი ზღვის კრიზისის გამო, SKYLOG-ი ჩინეთიდან სარკინიგზო გადაზიდვებს ანახლებს

13-01-2024 08:56:00

წითელი ზღვით გადაზიდვების პრობლემის ფონზე ქართული ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ი სარკინიგზო მიმართულებას ააქტიურებს და ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების სარკინიგზო გზით ტრანსპორტირებას იწყებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელმა გიორგი ზუმბაძემ განაცხადა, წითელი ზღვის კრიზისი უკვე აისახა საზღვაო გადაზიდვების ღირებულებასა და ვადებზე და ამიტომაც SKYLOG-ი ანახლებს სარკინიგზო გადაზიდვებს ჩინეთიდან, რაც ქართველ იმპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს მიმართულებით სწრაფად და უსაფრთხოდ.

„ჩვენს კომპანიას COVID-პანდემიის პერიოდში ჩინეთიდან ტვირთები სარკინიგზო გზით აქტიურად ჩამოჰქონდა. შესაბამისი მოთხოვნილებაც იყო, 2020-2021 წელს რკინიგზის მეშვეობით ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით საკმაოდ დიდი რაოდენობით კონტეინერები გადმოვზიდეთ. პოსტკოვიდურ პერიოდში კი როდესაც საზღვაო ფრახტმა დაიწია და თითქმის 2019 წლის ნიშნულამდე დავიდა, რკინიგზით ტრანსპორტირება ძვირი დარჩა და შესაბამისად ამ გზით ტრანსპორტირება ფაქტობრივად გაჩერდა. რეალურად SKYLOG-მა ამ გზით ბოლო 2 კონტეინერი 2023 წლის დასაწყისში ჩამოიტანა, რომელმაც საკმაოდ დაიგვიანა. რადგანაც ამ მიმართულებაზეც, როგორც სხვა მიმართულებებზე, არის საცობები და მოხდა ისე, რომ ამ ტვირთმა ჩამოსვლა დააგვიანა.

ამ პერიოდის შემდეგ ჩინეთიდან საქართველოში რკინიგზით ტვირთები აღარ შემოსულა. რკინიგზით გადაზიდვები კი ხდებოდა, მაგრამ საუბარი მაქვს „აბრეშუმის გზაზე“ და ჩინეთი-ევროპის მიმართულებაზე. თუმცა ჩინეთი-ევროპის მიმართულებაზე სარკინიგზო გადაზიდვები აქტიური იყო და ბორანიც კი დაინიშნა ფოთი-კონსტანცა. ანუ მარშრუტი არსებობდა, უბრალოდ გარკვეული პერიოდს განმავლობაში საქართველო აღარ იყენებდა იმიტომ, რომ საგრძნობი სხვაობა იყო ფასში საზღვაო ფრახტსა და რკინიგზით გადაზიდვებს შორის, რაც COVID-ის პერიოდში პირიქით იყო“, - განაცხადა გიორგი ზუმბაძემ.

SKYLOG-ის დამფუძნებლის განმარტებით, წითელ ზღვაში განვითარებულმა მოვლენებმა რკინიგზით ტვირთების ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა ისევ წინ წამოწია.

„დაიწყო აღდგენა სუბსიდირებით გადაზიდვების, რადგანაც სუბსიდირების გარეშე ძვირია ტრანსპორტირება. რასაც ცხადია თავად ჩინეთის მთავრობა გარკვეულ მიმართულებებს აფინანსებს, რათა ეს გზები და მიმართულებები განვითარდეს. 

საქართველოს მიმართულება მათ პრიორიტეტში ყოველთვის იყო, უბრალოდ ბოლო 1,5 წლის განმავლობაში მოთხოვნილება არ იყო. ადრეც სუბსიდირებით ხდებოდა სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელება. ეს მთელი ქსელია და მასში ჩართულია ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის რკინიგზები და თავისთავად საქართველოც. ახლა კი განახლდა სუბსიდირება ფოთის მიმართულებით. რეალურად ყველა  შემადგენლობა მიდის ფოთში და შემდეგ ხდება ევროპისკენ ტრანსპორტირება. ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველო და ქართული გადამზიდავი კომპანიები კიდევ ახალ სატრანზიტო მიმართულებებში ჩაწერონ და ახალი კლიენტები მოიზიდონ და ახალი ხელშეკრულებები გაფორმონ“- აღნიშნა SKYLOG-ის დამფუძნებელმა.

ლოგისტიკური კომპანიის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ  რაც წითელ ზღვაში ხდება აჩვენებს იმას, რომ ვითარება კიდევ დაიძაბება.

„მოლოდინიც მქონდა, რომ ეს ყველაფერი ასე სწრაფად და მარტივად არ დასრულდებოდა. ჩვენთან უკვე ჩინეთიდან რკინიგზით ტრანსპორტირებაზე და პირიქით დიდი მოთხოვნა წამოვიდა ასე ვთქვათ გაიღვიძეს ძველმა კლიენტებმა და გაჩნდა ისევ მოთხოვნა.

რაც შეეხება ფასებს, ბოლო ორი კვირის მანძილზე სარკინიგზო გადაზიდვების ფასები უფრო დაბალი იყო ვიდრე საზღვაო გადაზიდვების ფასები. გაზრდილი მოთხოვნა უკვე დეფიციტს ქმნის და მით უმეტეს, რომ ჩინეთში 9 თებერვალს ახალი წელი იწყება და ყველა მოსწრებაზეა თვითონ კონტეინერების ქირაობის მიმართულებითაც.

ფასებს მატება უკვე დაიწყო. სამწუხაროდ ქართველი მომხმარებელი ძალიან ბევრს ფიქრობს და როცა უკვე დაადასტურებენ უკვე ტრანსპორტირების ფასები გაზრდილია.

დღეისათვის საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებს შორის თითქმის იდენტური ტარიფებია, მაგრამ რკინიგზით ტვირთი მინიმუმ 1 თვით ადრე ჩამოდის“, - აღნიშნა გიორგი ზუმბაძემ.

აღსანიშნავია, რომ SKYLOG დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს მომსახურების სრულ პაკეტს კარიდან კარამდე. გადაზიდვები ხორციელდება 40 ტონიანი კონტეინერებით.

„ჩვენთან ყველა ტვირთი დაზღვეულია GPI-ი ჰოლდინგში. SKYLOG ხარისხს მოაქვს სანდოობა“, - განმარტავენ კომპანიაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები