წინსვლა გვაქვს აზიურ ბაზრებზე , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სამკერვალო „ლიდერის“ დამფუძნებელმა, ნინო გიორგაძემ განუცხადა, რომელიც „ლიმოს“ ბრენდით საბავშვო სამოსს აწარმოებს.
2024 წელს გავხსენით საწარმო თბილისში. რომელიც აქტიურად მუშაობს შეკვეთებზე, ასევე ვიწყებთ ჩვენი ბრენდის წარმოებას. ასევე ვაფართოებთ გორის საწარმოს. წინსვლა გვაქვს აზიურ ბაზრებზე. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით ჩინეთში გამართულ გამოფენაზე, სადაც წავიღეთ ჩვენი პროდუქცია, დავამყარეთ ბიზნესკავშირები. გვაქვს მოლაპარაკებები და ვგეგმავთ ჩინეთის ბაზარზე შესვლას“, - განაცხადა ნინო გიორგაძემ.
ამ დროისთვის „ლიმოს“ ნაწარმი ექსპორტზე გადის შვედეთში, საფრანგეთში, სომხეთსა და კორეაში.
„ასევე აქტიურად ვმუშაობთ გალფის ქვეყნებთან. ძირითადი აქცენტი გვაქვს ამ მიმართულებით“, - აღნიშნავს „ლიმოს“ დამფუძნებელი.
სოციალური საწარმო, სამკერვალო „ლიდერი“ 2016 წელს დაარსდა ქ. გორში. საწარმოს საქმიანობა ვრცელდება შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ემსახურება მთავარ მიზანს - მოწყვლადი ჯგუფის (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირი, შშმ პირი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) წარმომადგენელ ქალთა გაძლიერებას.
აღნიშნულის მისაღწევად, სოციალური საწარმო 3 წელზე მეტია, რაც სამიზნე ჯგუფს საკუთარი სახსრებით სთავაზობს ჭრა-კერვა-მოდელირებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების მუდმივმოქმედ კურსს მომავალში დასაქმების პერსპექტივით.
ამასთანავე, სოციალური საწარმო შემოსავლების 5%-ს მიმართავს დადებითი გავლენის მქონე სხვადასხვა ღონისძიებისაკენ, რაც ძირითადად ემსახურება ქალთა გაძლიერებასა და მხარდაჭერას. „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც შეიმუშავა ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია. სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებით ქმნის სხვადასხვა პროდუქციას და ხელმძღვანელობს ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკით.
უახლესი