დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს და საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

წელს და საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

27-11-2024 12:14:00

ლევან დავითაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრებს ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ტენდენციები და პერსპექტივები გააცნო. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანაში კვლავ გრძელდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები.

„ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი ბევრ რამეზე მეტყველებს - პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლების კარგად გააზრებულ, თანმიმდევრულ, სწორ და ეფექტიან ხედვასა და პოლიტიკაზე ეკონომიკის პრაქტიკულად, ყველა დარგის და სექტორის მიმართულებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ფარგლებში გამოქვეყნებული შეფასებების და პროგნოზების მიხედვით, მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მისი ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა წარმოადგენს, მაღალი ეკონომიკური ზრდისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტების პარალელურად კი უმჯობესდება ფისკალური პარამეტრებიც.
„იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ 9.9% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად საქართველოში დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი - 2023 წელს ინფლაციამ 2.5% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში 0.3%-ს გაუტოლდა. რაც მთავარია, მაღალი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება, მათ შორის - უმუშევრობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა 2024 წლის სამ კვარტალში და საშუალოდ 13.8% შეადგინა. რაც შეეხება სიღარიბეს - გასულ წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ისტორიულ მინიმუმამდე, 11.8%-მდე შემცირდა და მხოლოდ სამი წლის განმავლობაში 350 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. თუმცა, აღნიშნული პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატმა მომავალი რამდენიმე წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებსა და პროგნოზებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკის შენარჩუნებას და შედეგად, 2028 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი 130 მლრდ ლარს, მშპ ერთ სულზე კი 35 000 ლარს (13 000 აშშ დოლარს) გადააჭარბებს.

„მაღალი ეკონომიკური ზრდა შექმნის შესაძლებლობას, თანდათანობით შემცირდეს სხვაობა საქართველოსა და განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის. ამასთან, მაღალი ეკონომიკური აქტივობის და სტრუქტურული გაუმჯობესების პარალელურად, ქვეყანაში დამატებით 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე გაგრძელდება სიღარიბის შემცირების ტენდენცია და 2028 წლისთვის ის 4%-მდე ჩამოვა, სიღარიბეს დამატებით 290 ათასამდე ადამიანი დააღწევს თავს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები