„გურმეს“ ისტორია ერთი ფილიალიდან დაიწყო, თუმცა საკონდიტრო-კაფემ იმდენად მალე მოიგო მომხმარებლების გული, რომ რამდენიმე ლოკაცია დაემატა. დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „გურმე“ წარმოდგენილია ორი ძირითადი ფილიალით - დიდი საწარმო მირიან მეფის 70-ში და კაფე კარტოზიას ქუჩაზე. ჯამში, თბილისის მასშტაბით საკონდიტროს 9 ფილიალი ფუნქციონირებს.
როგორ ვითარდება საკონდიტრო ბიზნესი, როგორ შეაფასებს „გურმე“ 2023 წელს? ამ და სხვა კითხვებზე კომპანიაში Business Insider Georgia-ს საკონდიტროს მენეჯმენტმა უპასუხა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 „გურმეს“ ოპერირების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო. პირველ რიგში, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებსა და კორპორაციულ დამკვეთებს, რომლებიც უკვე წლებია ჩვენთან თანამშრომლობენ და კომპანიის მიმართ ლოიალურები არიან. 2023 განსაკუთრებული იყო იმით, რომ საკმაოდ ბევრი ახალი საცალო მომხმარებელი და კორპორაციული კლიენტი შევიძინეთ, გავაცანით ჩვენი თავი და დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა. ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ არსებული ფილიალებისათვის 4 ახალი ფილიალიც დაგვემატებინა.
რა იყო გასულ წელს კომპანიის მთავარი გამოწვევა და წარმატება?
კვალიფიციური კადრები ჩვენს სექტორში უკვე წლებია გამოწვევაა და წელსაც სწორედ ამ სირთულის წინაშე ვიდექით. „გურმე“ პასუხისმგებლობიანი კომპანიაა, შესაბამისად, დასაქმებულებს კარგ სამუშაო პირობებსაც სთავაზობს. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული მოთხოვნები გვაქვს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამ გამოწვევის გადალახვა 2023-შიც ვერ მოხერხდა სრულყოფილად. რაც შეეხება წარმატებას, ახალი ფილიალების გახსნის გარდა, გავაფორმეთ რამდენიმე ახალი ხელშეკრულება თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ცხადია, ჩვენთვის ეს საკმაოდ დიდი წინსვლაა.
2023 წელს რამდენი პროცენტით გაიზარდა კომპანიის წარმადობა და მოთხოვნა ნაწარმზე?
წინა წელთან შედარებით, წარმადობა 40%-ითაა გაზრდილი და სწორედ ამან მოგვცა გაფართოების საშუალებაც. ჩვენი ერთ-ერთი მყუდრო და ლამაზი ფილიალი ლუი პასტერის 4 ნომერში გაიხსნა. ასევე, გაიხსნა კაფეტერიები კავკასიის მედიცინის ცენტრში (ქავთარაძის 23), თოდუას კლინიკაში (იაკობ ნიკოლაძის 10) და იაშვილის კლინიკაში (ლუბლიანას 13). რა თქმა უნდა, ამ ფილიალებშიც ჩვენს მომხმარებლებს უგემრიელეს კერძებსა და საკონდიტრო ნაწარმს ვთავაზობთ. რაც შეეხება ნაწარმზე მოთხოვნის ზრდას, ამაზე წარმადობის ზრდაც მეტყველებს. ჩვენი კონცეფცია რჩება უცვლელი - უმაღლესი ხარისხის ნედლეული, გემრიელი პროდუქტი და მისაღები ფასი. სწორედ ეს ზრდის მოთხოვნას კონკრეტულად ჩვენს პროდუქტზეც.
რა ახალი პროდუქტები შესთავაზეთ მომხმარებელს?
„გურმეს“ გუნდს ბრენდ შეფი სოსო საპიცკი შემოუერთდა. მისი დამსახურებით, უამრავი სიახლე გვაქვს როგორც ძირითად მენიუში, ისე - საკონდიტრო ნაწარმის მიმართულებით. ჩვენი ასორტიმენტი რეგულარულად გადაიხედება და განახლდება. განსაკუთრებული სიახლეა ის, რომ შეფ სოსო საპიცკის ინიციატივით, ყურადღებას ვამახვილებთ აზიურ მიმართულებაზეც. „გურმე“-ში შეგიძლიათ დააგემოვნოთ სუში როლები, ატრია და სხვა აზიური კერძები.
რა იყო 2023 წელს ტოპ პროდუქტი?
ველამ იცის, რომ „გურმეს“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე საკონდიტრო ნაწარმია. შესაბამისად, 2023 წელს ტოპ პროდუქტი ნამდვილად იყო ჩვენი განსაკუთრებული ტორტები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საგრძნობლადაა მოთხოვნა გაზრდილი ქეითერინგზე. არაერთხელ შეკვეთის აღებაზე უარის თქმაც კი მოგვიწია, რადგან ჩვენი ადამიანური რესურსი შეკვეთების რაოდენობას ვეღარ უმკლავდებოდა. რა თქმა უნდა, ინტერესი დიდია ჩვენ მიერ გამომცხვარ პურებზეც.
ამ დროისთვის, „გურმე“ რამდენი ფილიალით არის წარმოდგენილი და რამდენი ადამიანია დასაქმებული?
განახლებული მონაცემებით, თბილისის მასშტაბით ფუნქციონირებს „გურმეს“ უკვე 9 ფილიალი, რაც ჩვენთვის ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია. კომპანიაში 130 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ, რომ კვლავ ვეძებთ კვალიფიციურ კადრებს, რადგან ჩვენს პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.
რა სიახლეებს გეგმავს კომპანია 2024 წელს?
უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე კორპორაციულ კლიენტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში კიდევ არაერთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას გავაფორმებთ. რაც შეეხება სიახლეებს მომხმარებელთათვის - ვიწყებთ მუშაობას წარმოების გაფართოებაზე, რათა მომხმარებლებს რეგულარულად შევთავაზოთ მრავალფეროვანი, ხარისხიანი პროდუქცია და მოვახერხოთ კიდევ უფრო მეტი შეკვეთის შესრულება. გარდა წარმოების გაფართოებისა, ვმუშაობთ 2 დამატებითი ობიექტის გახსნაზე თბილისის მასშტაბით.
ეს არც ისე მარტივია, ამიტომ, იმედი გვაქვს, 2024 წლის ბოლომდე ამ მიზანს მივაღწევთ. რაც შეეხება რეგიონების ათვისებას, 2024 წლის გეგმები საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ წელს ეს საკითხი არ განგვიხილავს. თუმცა, მოთხოვნა პროდუქციაზე იმდენად გაზრდილია, არ გამოვრიცხავთ, კომპანიაში ამ საკითხზეც მალე ვიმსჯელოთ.
უახლესი