აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა განვითარებადი ქვეყნისთვის და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკისთვის, - აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი Business Insider Georgia-სთან საუბრისას. ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ დოლარის კურსზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს ის შემცირება, რომელიც მოლოდინზე უფრო მეტია.
„რა იქნება დოლარის ფასი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავისთავად განაკვეთის შემცირება, მაშინ როდესაც ეს კრიზისთან არა ა დაკავშირებული დადებითია და დადებით ზეგავლენასაც მოახდენს. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ძალიან მოკლე ვადიანი განაკვეთი და დოლარის კურსზე იმოქმედებს ის შემცირება, რომელიც მოლოდინზე უფრო მეტია. მაგალითად თუ ბაზრები ელოდებოდნენ უფრო ნაკლებს და სახეზეა უფრო მეტად შემცირება, ეს იმოქმედებს დოლარის კურსზე. დანარჩენი კი, მოლოდინების შესაბამისი შემცირება დოლარის კურსზე დიდად არ მოქმედებს. თუმცა თიბისი კაპიტალი საშუალო ვადიან პერიოდში ფიქრობს, რომ დოლარის კურსის დასუსტება საბაზო სცენარია, რაც საქართველოსთვისაც პოზიტიურია. რაც შეეხება სხვა განაკვეთებს იგივე 6 თვიანი, 5 წლიანი, 10 წლიანი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა მოსალოდნელი შემცირებები ამ განაკვეთში უკვე ასახულია“, - აცხადებს ნადარაია.
აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, 4 წლის შემდეგ პირველად, რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა. განაკვეთი მოსალოდნელზე მეტად, 50 საბაზისო პუნქტით, 5.0%-მდე შემცირდა.
ფინანსური ანალიტიკოსები და საინვეტიციო ფირმები ფედერალური რეზერვისგან მსგავს გადაწყვეტილებას პროგნოზირებდნენ. თუმცა მათი უმეტესობა ფიქრობდა, რომ Fed-ი რეფინანსირების განაკვეთს მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით შეამცირებდა.
Fed-ის გადაწყვეტილებას დიდი გავლენა ექნება კაპიტალის ბაზრებზე, რაც, დიდი ალბათობით, საფონდო ბირჟებზე სავაჭრო დღის დაწყების შემდეგ აისახება. გარდა ამისა, Fed-ის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სარკისებურად აისახება კანადის, ავსტრალიის, აღმოსავლეთ აზიისა და ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკების ნაბიჯებზეც.
პაუელის განმარტებით, საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა დასტაბილურებულმა ინფლაციამ და დასაქმების გაზრდილმა მაჩვენებელმა მისცა. მისი თქმით, აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-ს უახლოვდება, რაც ფინანსურ ხელმძღვანელობას განაკვეთის კიდევ უფრო შემცირების შესაძლებლობასაც მისცემს.
უახლესი