Tene - ტენე მომსახურების არეალს აფართოებს. დედაქალაქის შემდეგ კომპანიის სერვისებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია რეგიონებშიც. ქუთაისის შემდეგ კომპანიამ გეზი ზღვისპირეთისკენ აიღო. როგორც ,,ტენეს" მარკეტინგის ხელმძღვანელი ბექა ონიანი Business Insider Gerogia- თან აცხადებს, 3 აგვისტოს ვორქშოფი მოეწყობა შეკვეთილში, 4-5 აგვისტოს უკვე ბათუმში ჩატარდება საჩუქრების აქცია, რომლის მიზანიც მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაა.
რაც შეეხება ,,ტენეს“ პროდუქციას, მწვანე კონცეფციის USB კაბელები, რომლის დასამზადებლად მეორადი პლასტმასას ბოთლების სახურავები გამოიყენება, რეგიონების მასშტაბით უკვე ისედაც ხელმისაწვდომია. ბექა ონიანის თქმით, მყარის ნარჩენების მართვის დიდი პრობლემიდან გამომდინარე, მიზნად დაისახეს, რომ ცნობადობის ამაღლების კუთხით რეგიონებში აქციები მოეწყოს. ,,ვცდილობთ მოვიცვათ რეგიონები და ჩვენი სერვისი დავნერგოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა აქტიური სეზონია ზღვაზე, 3 აგვისტოს შეკვეთილში ვორქშოფის მოეწყობა. 4 აგვისტოს კი ბათუმში გვექნება საჩუქრების აქცია.
გარდა იმისა, რომ მოხმარებელს პლასტმასას 50 ბოთლს ვუცვლით USB კაბელებში, მიღებულ ბენეფიტთან ერთად, მას ექნება მეტი მოტივი, რომ უფრო მეტად ჩაერთოს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიაში, აიმაღლოს ცნობიერება და მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი, რომ პლასტმასა არ გადაიყაროს გარემოში.
შეკვეთილის შემთხვევაში ვორქშოფის მეშვეობით ვეცდებით, რომ ადგილობრივებს ცნობიერება ავუმაღლოთ. ამისთვის მოეწყობა მცირე მასტერკლასი სოციალურ სივრცეში და ვაჩვენებთ, როგორ მოხდეს ნარჩენის სეპარირება. ცხადია, საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესია, გარკვეული ობიექტები, მცირე ბიზნესები გვიკავშირდებიან და თანამშრომლობას გვთავაზობენ. ჩვენი დისტრიბუცია რეგიონებში ისედაც ხორციელდება, მაგრამ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი“, - აცხადებს ბექა ონიანი. ამ ეტაპზე ,,ტენეს“ პროექტი მიმდინარეობს TKESHI-ის ჯადოსნურ ფიჭვნარში, სადაც განთავსდება მწვანე ურნები და გროვდება გამოყენებული პლასტმასა მისი შემდგომი სეპარირების მიზნით. ლოკაციაზე განთავსებულია ,,ტენეს“ მობილურების დასამუხტი აპარატი, რომელიც დამუხტავს ნებისმიერ დევაისს.
პროექტი 15 ივლისს დაიწყო და 28 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. შავიზღვისპირეთის შემდეგ ,,ტენეს“ აქციები გაგრძელდება ზუგდიდსა და ეტაპობრივად სხვადასხვა ქალაქსა და დაბებში.
„ტენე“ არის ეკომეგობრული, ინოვაციური კომპანია საქართველოში, რომლის მეშვეობითაც გარემოზე ზრუნვა ყოველთვის მომგებიანია. ბათუმში დაგეგმილი საჩუქრების აქციის ფარგლებში, ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერი მსურველი 50 ბოთლი სანაცვლოდ მიიღებს 1 ტენე ქოინს და გადაცვლის 1 ტენეს USB სადენში! ცნობისთვის, ტენეს პროდუქცია ხელმისაწვდომია უკვე ,,სუფთა სახლის“ ქსელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით და ,,კარფურის“ 2 ჰიპერმარკეტში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ნარჩენის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია, მას აქვს გლობალური პოტენციალი. ნარჩენები საქართველოსთვის, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ნამდვილად დიდი პრობლემაა.
უახლესი