დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ტენე“ ბრენდ „ნიკო ნიკოს“ ქმნის და ელექტროსკუტერების ბიზნესში შედის

„ტენე“ ბრენდ „ნიკო ნიკოს“ ქმნის და ელექტროსკუტერების ბიზნესში შედის

12-04-2024 13:02:00

„ტენეს“ დამფუძნებლის სანდრო ლილუაშვილის ინფორმაციით, კომპანია ქმნის ბრენდ „ნიკო ნიკოს“ და ელექტროსკუტერების წარმოებას გეგმავენ.

„იქმნება ქართული ბრენდი ჩინურთან კოლაბორაციაში და ერქმევა „ნიკო ნიკო“ ნიკო ნიკოლაძის პატივსაცემად. თავდაპირველად ამ ბრენდის ქვეშ გასაყიდად გამოვიტანთ ელექტროსკუტერებს, რომელიც „ნიკო ნიკოს“ ბრენდით იქნება წარმოდგენილი და მის მართვას არ დასჭირდება სპეციალური მოწმობა. ასევე ელექტროსკუტერით შესაძლებელი იქნება დაახლოებით 200 კილომეტრის დაფარვა. ელექტროსკუტერი კონკურენტუნარიანი იქნება ჩვენს ბაზარზე“, - ამბობს სანდრო ლილუაშვილი.

მისი თქმით, კომპანიამ ამ დროისთვის ჩინეთიდან ჩამოიყვანა ელექტროსკუტერების ის მოდელები, რომელიც შოუ რუმისთვისაა და განკუთვნილი და მომხმარებელს დაახლოებით ორ კვირაში წარუდგენს.

„ამ დროისთვის ჩამოვიყვანეთ შოუ რუმისთვის განკუთვნილი მოდელები. მომხმარებლებს ექნებათ შერჩევის შესაძლებლობა და კომპანია მათ შეკვეთას შეასრულებს და შემდეგ შესაბამის მოდელს ჩამოიტანს. ელექტროსკუტერებს პირველ ეტაპზე ჩამოვიყვანთ ჩინეთიდან და სამომავლოდ ვაპირებთ, რომ წარმოება ადგილზე 2025 წლიდან დავიწყოთ. საქართველოში ყველა კომპონენტი ვერ დამზადდება და შესაბამისად განხორციელდება ნაწილის იმპორტი“, - ამბობს სანდრო ლილუაშვილი.

მისი თქმით „ნიკო ნიკოს“ ელექტროსკუტერების კონკურენტული უპირატესობა ის იქნება, რომ შესაძლებელია 200 კილომეტრის დაფარვა და არ სჭირდება მართვის მოწმობა.

სკუტერის სავარაუდო ფასი 3900 ლარია. „ტენე“ გეგმავს უფრო დაბალი გამავლობის სკუტერების შემოყვანას, რომლის ფასიც უფრო დაბალი იქნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები