Galt & Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის ტანახმად, 2023 წელს თბილისში 39,949 ბინა გაიყიდა, რაც 7.0%- იანი წლიური კლებაა და ეს კლება 2022 წლის რეკორდულად მაღალ ბაზას უკავშირდება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბინების გაყიდვები მაინც 7.7%-ით აჭარბებს 2021 წლის მაჩვენებელს.
ამასთან, 2023 წელს კლება მთლიანად განპირობებული იყო მეორადი ბაზრის 13.5%-იანი წლიური შემცირებით, რადგან პირველად ბაზარზე გაყიდვების პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და წლიური 1.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„მეორად ბაზარზე მოთხოვნის შემცირება ძირითადად მიგრანტების ეფექტის შესუსტებას და ქირის დასტაბილურებას ასახავს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს 2022 წელს მეორად ბაზარზე გაზრდილ ტრანზაქციებში. ამავდროულად, 2023 წელს თბილისში გაიზარდა მშენებარე პროექტების რიცხვი, რამაც მდგრადი მოთხოვნის პირობებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ზრდის ტენდენცია განაპირობა“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში .
ფასები
2023 წელს ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. ამასთან, პირველად ბაზარზე ბინის ფასის წლიური ზრდის ტემპი ორჯერ აღემატებოდა მეორად ბაზარზე ფასის ზრდას (+21.3% და +10.0% წ/წ, შესაბამისად). აღსანიშნავია, რომ ფასები კიდევ უფრო მკვეთრად არის გაზრიდლი 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე. კერძოდ, პირველადი ბაზრის ფასები 45.2%-ით გაიზარდა, რაც ასევე აღემატება მეორად ბაზარზე დაფიქსირებულ ზრდას (+30.7% ახალი და +17.5% ძველი ბინებისთვის).
„ბინების ფასების მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო მშენებლობის გაზრდილი ხარჯებით და მიგრანტების მხრიდან მოთხოვნით, თუმცა ეს ორივე მაჩვენებელი ამ ეტაპზე დასტაბილურებულია. შედეგად, თბილისში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $900/მ2 -მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $600/მ2 იყო“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ბაზრის ზომა
2023 წელს თბილისში 2.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც შემცირებული ტრანზაქციების მიუხედავად 9.9%-იანი წლიური ზრდაა. ეს ზრდა პირველად ბაზარზე ფასების მატებამ განაპირობა.
2023 წელს ყველაზე ძვირი უძრავი ქონება მთაწმინდის უბანში ღირდა, ხოლო ყველაზე მეტი ბინა საბურთალოზე გაიყიდა .
ფასები უბნების მიხედვით:
მთაწმინდა - გაყიდვების რაოდენობა 779 ბინა; საშუალო ფასი - 2,580 $ / მ 2;
ვაკე - გაყიდვების რაოდენობა 1,490 ბინა; საშუალო ფასი - 2,151 $ / მ 2;
ჩუღურეთი - გაყიდვების რაოდენობა -1,026 ბინა; საშუალო ფასი - 1,583 $ / მ 2;
კრწანისი - გაყიდვების რაოდენობა 1,372 ბინა; საშუალო ფასი 1,466 $ / მ 2;
საბურთალო - გაყიდვების რაოდენობა 6,956 ბინა; საშუალო ფასი 1,445 $ / მ 2;
ისანი - გაყიდვების რაოდენობა 3,121 ბინა; საშუალო ფასი 1,207 $ / მ 2;
დიდუბე - გაყიდვების რაოდენობა 3,212 ბინა; საშუალო ფასი 1,166 $ / მ 2;
ნაძალადევი - გაყიდვების რაოდენობა 3,700 ბინა; საშუალო ფასი 1,103 $ / მ 2;
დიდი დიღომი - გაყიდვების რაოდენობა 6,755 ბინა, საშუალო ფასი 965 $ / მ 2;
სამგორი - გაყიდვების რაოდენობა 5,797 ბინა; საშუალო ფასი 958 $ / მ 2;
ვაშლიჯვარი - გაყიდვების რაოდენობა 1,057 ბინა; საშუალო ფასი 945 $ / მ 2;
გლდანი - გაყიდვების რაოდენობა 4,684 ბინა საშუალო ფასი 931 $ / მ 2;
უახლესი